რუსეთი გაზს ფინეთის საზღვართან წვავს, თუმცა ევროპას არ აწვდის

მაშინ, როცა რუსეთმა ევროპას ბუნებრივი აირის მიწოდება მკვეთრად შეუზღუდა, სპეციალისტები ამბობენ, რომ რუსეთი დიდი მოცულობით გაზს ფინეთის საზღვარზე წვავს. ამან კი შესაძლოა თავის მხრივ, ეკოლოგიური კატასტროფა გამოიწვიოს.

ნორვეგიული საკონსულტაციო ფირმის, „რისტადის“ ანალიტიკოსების შეფასებით, ატმოსფეროში დამწვარი გაზის რაოდენობა, ევროკავშირისთვის გაზის ყოველდღიური საჭიროების 0.5 პროცენტია.

სპეციალისტები ამბობენ, რომ ნავთობის და გაზის წარმოების პროცესში მისი წვა ბუნებრივი პროცესია, თუმცა ის რაც ახლა ხდება, სწორედ მისი მოცულობისა და მასშტაბის გამოა უჩვეულო.

Your browser doesn’t support HTML5

რუსეთი გაზს წვავს და ევროპას არ აწვდის

რატომ ხდება დიდი რაოდენობით ბუნებრივი აირის დაწვა? სააგენტო „როიტერის“ კითხვებს „გაზპრომი“ ამ დრომდე არ პასუხობს. ფინეთის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროფესორი ესა ვაკილაინი ამბობს, რომ დიდი ალბათობით რუსეთმა ბოლო ორი თვის განმავლობაში საათში 1000 ევროს ღირებულების გაზი დაწვა, რაც ატმოსფეროსაც აზიანებს.

„ეს დიდი ეკოლოგიური პრობლემაა, განსაკუთრებით ჩრდილოეთ პოლუსის ტერიტორიისთვის,“ - ამბობს პროფესორი.

ასევე ნახეთ: ევროპა „რთულ” მდგომარეობაში და ფული რუსეთის ზარდახშაში  

ანალიტიკოსების მოსაზრებებს ამყარებს სატელიტური ფოტოებიც. ფოტოებზე ჩანს, რომ რუსეთი „ჩრდილოეთის ნაკადი 1“-ის საკომპრესორო სადგურში დიდი რაოდენობით გაზს წვავს. ეს მაშინ, როცა კრემლმა გადაწყვიტა, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი 1“-ით ევროპისთვის გაზის მიწოდება მისი მოცულობის 20 პროცენტამდე შეემცირებინა, მომდევნო კვირაში კი სამი დღის განმავლობაში გაზსადენი სრულად შეწყვეტს მუშაობას. ზოგ შემთხვევაში კრემლი ამის მიზეზად სარემონტო სამუშაოებს ასახელებს.

ევროკავშირი კრემლს ბუნებრივი აირის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებაში ადანაშაულებს. მოსკოვში ბრალდებებს უარყოფენ და ამბობენ, რომ აღნიშნული შეფერხებაც ტექნიკური სამუშაოებით არის გამოწვეული.