„
ადოლფ ჰიტლერი შენით იამაყებდა (ესტონეთის პრემიერ-მინისტრი). შენს გარეშე გაცილებით რთული იქნებოდა კოლექტიური დასავლეთის დეჰუმანიცაზიის დამტკიცება. ესტონეთი ესტონეთისთვის არა? - მარია ზახაროვა, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი.
! მარია ზახაროვას ეს განცხადება შეცდომაში შემყვანი ინფორმაციაა.
ეს განცხადება რუსეთის საგერეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ გააკეთა და დაადანაშაულა ესტონეთის პრემიერ-მინისტრი კაია კალასი ჰიტლერიზმში, რადგან მან უკრაინელ ლტოვილებს ესტონური ენის შესწავლისკენ მოუწოდა.
განცხადება კალასმა ესტონეთის საზოგადოებრივ არხ „ETV+“- თან ინტერვიუს დროს გააკეთა.
„ასევე მნიშვნელოვანია ესტონური ენის კურსები. ჩვენ არ გვინდა, რომ ესტონეთში გაჩნდეს ახალი საზოგადოება, რომელიც არ ლაპარაკობს ესტონურად. მაშინაც კი, თუ ისინი დაბრუნდებიან (უკრაინაში) და ლტოლვილთა 80 პროცენტი ამბობს, რომ სურს დაბრუნება. რატომ არ შეიძლება იყოს ადამიანთა ჯგუფი უკრაინაში რომელიც ესტონურად ისაუბრებს? ამაში ცუდი არაფერია“ - თქვა კალასმა.
ესტონეთმა 64 000-მდე უკრაინელ ლტოლვილს უმასპინძლა, უზრუნველყო ისინი საცხოვრებლით, ხელს უწყობს დასაქმებაში, აზღვევს მათ ჯანმრთელობას, აძლევს განათლებას და ესტონური ენის კურსებს.
ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, ესტონური ენის უფასო კურსები უკრაინელი ლტოლვილებისთვის სახელმწიფოს დახმარების პროგრამის ნაწილია.
„ესტონეთის სახელმწიფო მხარს უჭერს უკრაინელ ლტოლვილებს, რათა მათ სწრაფად შეძლონ ადაპტაცია და დამოუკიდებლად შეძლონ გამოწვევებთან გამკლავება, მანამ სანამ ისინი დაბრუნდებიან სახლში,“- წერია ესტონეთის მთავრობის ვებგვერდზე.
სამთავრობო პროგრამის ფარგლებში, (უკრაინელი) ლტოლვილები, მას შემდეგ, რაც სტატუსს მოითხოვენ იღებენ ბინადრობის უფლებას, რომელიც ერთ წლიანია. ისინი ამ პერიოდის განმავლობაში სარგებლობენ იგივე უფლებებით, რაც ესტონეთში სხვა მაცხოვრებლებს აქვთ.
მათ უფლება აქვსთ: სწავლის, მუშაობის, სამედიცინო დაზღვევისა და საჭიროების შემთხვევაში, საცხოვრებელი სახლის მიღების.
აღსანიშნავია, რომ უკრაინელ ლტოლვილებს აქვთ უფლება არ მიმართონ თავშესაფრისთვის ესტონეთს და ისე დარჩნენ ქვეყანაში იმდენი ხნით, რამდენიც მათ სურთ. იმ შემთხვევაში, თუ ლტოლვილი უკრაინიდან მოითხოვს დროებით თავშესაფარს და იღებს შეღავათებს, ამ შემთხვევაში მას გარკვეული ვალდებულებები ეკისრება. მათ შორის არის საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაცია, უფასო ადაპტაციის ტრეინინგები და ესტონური ენის გაკვეთილები.
„ესტონური ენის ცოდნა, სულ მცირე საბაზისო დონეზე აუცილებელია იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანაში დამოუკიდებლად იცხოვროთ და ადაპტირდეთ საზოგადოებასთან,“- ამბობს პირეტ ჰერტმანი, ესტონეთის კულტურული მრავალფეროვნების მდივნის მოადგილე.
სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებით, 2022 წლის 1 იანვრის მდგომარეობით ესტონეთის მოსახლეობა 1 331 796 ადამიანს შეადგენდა. ესტონეთის ეროვნულმა სამაუწყებლო სამსახურმა 2022 წლის 5 დეკემბერს გაავრცელა ინფორმაცია, რომ 2022 წლის თებერვლის ბოლოდან ესტონეთმა 63 813 ლტოლვილი მიიღო უკრაინიდან, რაც ესტონეთის მოსახლეობის 4.8 პროცენტს შეადგენს.
მასპინძელი ქვეყნის ენის კურსები ლტოლვილებისთვის არის სტანდარტი, რომელიც დამტკიცებულია გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის მიერ.
UNHCR-ის თანახმად, მასპინძელი ქვეყნის ენის შესწავლა ლტოლვილის სრული ადაპტაციის წინაპირობაა:
„სამიზნე ენობრივი კომპეტენცია არის ძირითადი მოთხოვნა დამოუკიდებლობის მისაღწევად ყოველდღიურ ცხოვრებაში, როგორიცაა შოპინგი, საბანკო საქმე და მართვის მოწმობის აღება. ასევე სასაუბრო ენა ჯანდაცვისთვის და განათლებისთვის. ლტოლვილებს რომლებსაც შეუძლიათ კომუნიკაცია მიმღები ქვეყნის ენაზე, ექნებათ წვდომა დასაქმების უფრო ფართო შესაძლებლობებზე. ისინი უკეთ არიან აღჭურვილი შემდგომი განათლების მისაღებად და ტრეინინგებისთვის.
ენა არის ერთ-ერთი საშუალება, რომლის მეშვეობითაც განსახლებული ლტოლვილები თავს გრძნობენ მიმღები საზოგადოების „ნაწილად“ ეს საშუალებას აძლევს მათ მონაწილეობა მიიღონ არაფორმალურ ურთიერთობებში, საყიდლებზე თუ სათემო ორგანოებში. ეს მათ საშუალებას აძლევს ჩამოაყალიბონ მნიშვნელოვანი სოციალური კავშირები სხვებთან და შეინარჩუნონ აქტუალობა.„
ვლადიმირ პუტინის რუსეთს ხშირად აქვს პრეტენზიები ყოფილი საბჭოთა ქვეყნების ენებთან დაკავშირებით. რუსეთმა ნაწილობრივ გაამართლა 2014 წელს უკრაინაში შეჭრა, რადგან ყირიმსა და უკრაინის აღმოსავლეთში მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს რუსულად საუბარი სურს, უკრაინის ხელისუფლება კი მათი თქმით, თითქოს ერევა და უკრძალავს მათ ამის გაკეთებას.
2014 წლის 24 ივნისს, ყირიმის უკანონო ანექსიიდან სამი თვის შემდეგ და დონბასში რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან ორი თვის შემდეგ, პუტინმა განაცხადა:
„ჩვენ ყოველთვის დავიცავთ ეთნიკურ რუსებს უკრაინაში. უკრაინელი ხალხის ის ნაწილი, რომელიც თავს გრძნობს განუყოფელ არა მხოლოდ ეთნიკურ, არამედ კულტურულ და ენობრივ კავშირებს რუსეთთან ჩვენ მათთან მჭიდროდ ვითანამშრომლებთ, გავაკონტროლებთ და გვექნება რეაგირებაც“
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს კრიტიკა ესტონეთში უკრაინელი ლტოლვილებისთვის ესტონური ენის კურსების მიმართ, არის მოსკოვის პოლიტიკის გაგრძელება ესტონეთის იდენტობის, კულტურისა და ენის წინააღმდეგ.
ესტონეთი საბჭოთა კავშირის მიერ 48 წლის განმავლობაში იყო ოკუპირებული. 1940 წლიდან 1941 წლამდე და 1944 წლიდან 1991 წლამდე. იმ დროს საბჭოთა რეპრესიები მიმართული იყო ესტონეთის ინტელიგენციისა და გლეხობის წინააღმდეგ. 1845-1953 წლებში ციმბირში 80 000 ადამიანი გადაასახლეს და მათ ადგილზე რუსულენოვანი მოსახლეობა ჩაიყვანეს.
ენციკლოპედია „ბრიტანიკა“ ამბობს: „რუსეთიდან და საბჭოთა კავშირის სხვა ნაწილებიდან მასობრივმა იმიგრაციამ შეამცირა მოსახლეობის ძირძველი ნაწილი. ომამდე ეთნიკური ესტონელების რაოდენობა თითქმის 90 პროცენტს შეადგენდა. 1990 წლისთვის კი ეს მაჩვენებელი 60 პროცენტამდე შემცირდა.
რეპრესიებისა და ე.წ. რუსიფიკაციის შედეგად ესტონურად მოლაპარაკეთა რაოდენობამაც იკლო. რუსული ენა წახალისდა ყველა სფეროში. ხელისუფლების იძულებით შეერწყა რუსული და ესტონური კულტურები და ჩამოყალიბდა საბჭოთა ხალხის ერთი კულტურა, კომუნისტურ იდეოლოგიასა და რუსულ ენაზე დაყრდნობით.
მასალა მომზადებულია ლეონიდ მარტინიუკის მიერ"პოლიგრაფისთვის"