ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ყირიმში, რუსული ავიაბაზის სიახლოვეს, აფეთქებები მოხდა


4 იანვარს, ოკუპირებულ ყირიმში, ბელბეკის რუსული სამხედრო აეროდრომის მახლობლად აფეთქებების შესახებ ცნობები გავრცელდა. მოსკოვმა კი, მიუხედავად იმისა, რომ კიევი რუსულ დრონებს წარმატებით ანადგურებს, უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე საჰაერო თავდასხმები განაახლა.

სევასტოპოლის რუსეთის მიერ დანიშნულმა ქალაქის მერმა, მიხაილ რაზვოზჟაევმა „ტელეგრამზე“ დაწერა, რომ რუსულმა ძალებმა ორი დრონი ჩამოაგდო, თუმცა „რადიო თავისუფლებამ“ ამის დამოუკიდებლად გადამოწმება ვერ შეძლო.

ბელბეკში რუსეთის საჰაერო ძალების 38-ე ავიაგამანადგურებელი პოლკია განლაგებული. ეს ბაზა 2022 აგვისტოს დრონებით თავდასხმის სამიზნე იყო. მას შემდეგ, ყირიმში საჰაერო თავდაცვის ამოქმედება მუდმივად ხდებოდა. ყირიმის საოკუპაციო ხელისუფლების მეთაურმა სერგეი აქსიონოვმა თქვა, რომ დრონებით თავდასხმები ამ ტერიტორიისთვის „მთავარი საფრთხეა“.

უკრაინის გენერალურმა შტაბმა 4 იანვარს გამოაცხადა, რომ რუსეთმა ათობით საჰაერო და სარაკეტო თავდასხმა მოაწყო, რომელთა დიდი ნაწილის სამიზნე კრამატორსკის, ზაპორიჟიის და ხერსონის სამოქალაქო ინფრასტრუქტურა იყო. ღამის განმავლობაში, ქვეყნის ბევრ ნაწილში საჰაერო განგაშის სირენების ხმა ისმოდა.

უკრაინის სამხედრო უწყების 3 იანვარს გამოქვეყნებული ცნობის თანახმად, 31 დეკემბრიდან 1 იანვრამდე, 84 რუსული დრონი ჩამოაგდეს. უკრაინის საჰაერო ძალების პრეს-მდივანმა იური ინჰატმა თქვა: „ასეთი შედეგი არასდროს გვქონია.“

XS
SM
MD
LG