ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთის ერთ-ერთი უმსხვილესი იერიში უკრაინაზე


მხოლოდ პარასკევ დილით რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 70-ზე მეტი რაკეტა გაისროლა. ეს ომის დაწყების შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საჰაერო იერიშია, რამაც ელექტრომომარაგების სისტემა კიდევ უფრო მეტად დააზარალა.

უკრაინის ხელისუფლების ცნობით, კრივი რიჰში საცხოვრებელი სახლის დაბომბვას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, კიდევ ერთი ადამიანი დაიღუპა ქალაქ ხერსონშიც. რუსული საოკუპაციო ძალების ლიდერები კი ამბობენ, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში, კიევის საჰაერო იერიშს 11 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, მოსკოვი ომის წლისთავზე მასშტაბური იერიშების განახლებას გეგმავს. თუმცა, უკრაინაში რუსეთის ძალების შეჭრიდან 10 თვის შემდეგ, რუსეთს ბოლო 6 თვეში დაპყრობილი ტერიტორიის ნაწილის დათმობა მოუწია. კრემლმა კონტროლი დაკარგა ხერსონის რეგიონზეც, რომლის ანექსიაც მან ყალბი რეფერენდუმის საფუძველზე სცადა.

ოქტომბრის შემდეგ, რუსეთი განსაკუთრებით უკრაინის ენერგო ინფრასტრუქტურას უტევს. უკრაინის ხელისუფლების ცნობით, პარასკევს, 16 დეკემბერს მიტანილმა იერიშმა განსაკუთრებით დიდი ზიანი გამოიწვია.

"ჩვენ უკვე ვნახეთ, რომ დაზიანებულია ენერგოწარმოების დაახლოებით 9 ობიექტი", - თქვა ენერგეტიკის მინისტრმა გერმან გალუშჩენკომ. მისი თქმით, ობიექტების შესწავლა და ინსპექტირება გრძელდება.

უკრაინის საჰაერო ძალების პრეს-სპიკერი იური იჰნატი კი ამბობს, რომ რუსული სამხედრო თვითმფრინავები უკრაინის საზღვრების სიახლოვეს ამ დროს სპეციალურად დაფრინავდნენ, რათა ქვეყნის საჰაერო თავდაცვის სისტემები მათზე ყოფილიყო ფოკუსირებული.

"გვაქვს მასობრივი დაბომბვა, აფეთქებები. რუსეთის ფედერაციის მიზანია, რომ უკრაინელები გამუდმებით წნეხის ქვეშ იყვნენ, რომ თავშესაფრებში ლამის ყოველდღე ჩავიდნენ, რათა იგრძნონ დისკომფორტი ენერგიისა და წყლის მომარაგების შეზღუდვის გამო", - ამბობს ეკონომიკის მინისტრი იულია სვირიდენკო.

უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, კიევმა 76-იდან 60 რუსული რაკეტის ჩამოგდება მოახერხა. მოსკოვი ამტკიცებს, რომ მისი სამიზნე უკრაინის სამხედრო ობიექტებია. კიევი და დასავლელი ლიდერების ნაწილი ამ თავდასხმებს ომის დანაშაულად მიიჩნევს.

XS
SM
MD
LG