ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„პუტინი ჟანგბადის პოვნას ცდილობს,“- ბაიდენი


უკრაინის ტერიტორიზე რუსეთის ომი 36 საათის განმავლობაში შეჩერდება, გადაწყვეტილება ამის შესახებ კრემლმა მიიღო. ვლადიმირ პუტინმა რუსეთის თავდაცვის მინისტრს უბრძანა, რომ შობის ღამეს ფრონტის ხაზზე საბრძოლო მოქმედებები შეწყდეს.

კრემლის მიერ გავრცელებული ინფორმაციით ცეცხლი 6 იანვარს დღის 12 საათიდან, 7 იანვრის ღამის 12 საათამდე შეწყდება.

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი „ცდილობს ჟანგბადის პოვნას“ 36-საათიანი ცეცხლის შეწყვეტის გზით, თქვა აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხუთშაბათს თეთრ სახლში ჟურნალისტებთან საუბრისას.

პუტინის განცხადებას უკრაინაში უკვე უპასუხეს და მას ფარისევლობა უწოდეს. „ფარისევლობა თქვენთვის შეინახეთ“ - მიმართავს მიხაილო პოდოლიაკი პუტინს.

"პირველი. უკრაინა თავს არ ესხმის სხვა ქვეყნის ტერიტორიას და არ ხოცავს სამოქალაქო პირებს, როგორც ამას აკეთებს [რუსეთი]. უკრაინა ანადგურებს მხოლოდ საოკუპაციო არმიის წევრებს, თავის ტერიტორიაზე... მეორე. [რუსეთი] უნდა გავიდეს ოკუპირებული ტერიტორიებიდან - მხოლოდ მაშინ შეიძლება ამოქმედდეს 'დროებითი ზავი'. ფარისევლობა თქვენთვის შეინახეთ" - წერს პოდოლიაკი.

პოდოლიაკმა მანამდე უარყო რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის, კირილეს მოწოდება საშობაო ზავისკენ, და მას უწოდა "ცინიკური მახე და პროპაგანდის ელემენტი".

როგორც პოდოლიაკი "ტვიტერით" წერდა, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია "არ წარმოადგენს ავტორიტეტს გლობალური მართლმადიდებლობისთვის და გამოდის მხოლოდ 'ომის პროპაგანდისტის' როლში". პოდოლიაკის თქმით, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოღვაწეობა უტოლდება "მოწოდებებს უკრაინელთა გენოციდისკენ".

ზელენსკიმ 5 იანვარს თქვა, რუსეთს "ხანმოკლე ზავი" სურს საიმისოდ, რომ ძალები აღიდგინოსო.

XS
SM
MD
LG