მზარდი მოლოდინის ფონზე, ფლორიდის შტატის გუბერნატორი რონ დესანტისი საპრეზიდენტო მარათონში ჩართვაზე საჯარო განცხადებას დღეს, 24 მაისს გააკეთებს. რესპუბლიკური პარტიის ნომინაციისთვის მებრძოლ კანდიდატებს შორის, ის პარტიის ერთ-ერთ წამყვან ფავორიტად მოიაზრება და სავარაუდოდ, ექსპრეზიდენტ დონალდ ტრამპის მთავარი კონკურენტიც იქნება.
დესანტისის კანდიდატად წარდგენა დღეს უჩვეულო ფორმით მოხდება - სოციალურ ქსელ "ტვიტერზე", მილიარდერ ილონ მასკთან ერთად გამართულ ღონისძიებაზე. განცხადებას დესანტისი ვაშინგტონის დროით, დაახლოებით საღამოს 6 საათისთვის გააკეთებს. რესპუბლიკური პარტიიდან ტრამპის გარდა, მარათონში მონაწილეობის სურვილი უკვე გამოთქვეს ნიკი ჰეილიმ - აშშ-ის ყოფილმა ელჩმა გაეროში და სამხრეთ კაროლინის სენატორმა ტიმ სკოტმა.
ასევე ნახეთ: რესპუბლიკელი ნიკი ჰეილი საპრეზიდენტო ნომინაციისთვის იბრძოლებსთანაშემწეების ცნობით, 44 წლის დესანტისი საარჩევნო კომისიაში ოფიციალური განაცხადის შეტანასაც დღეს გეგმავს. ის სასტუმროში "მაიამი" დღესვე ხვდება საპრეზიდენტო კამპანიის მთავარ დონორებს და არჩევნებისთვის ფულადი სახსრების მოზიდვას დაიწყებს.
ილონ მასკს, "ტვიტერის" და "ტესლას" მთავარ აღმასრულებელ ოფიცერს, რომელიც კიდევ რამდენიმე სხვა კომპანიის მმართველია, პოპულარულ სოციალურ ქსელზე 140 მილიონზე მეტი მიმდევარი ჰყავს. მასკის თქმით, დესანტისთან ერთად გამოჩენა საპრეზიდენტო კანდიდატის მხარდაჭერაზე არ მიუთითებს. არამედ, მისი სურვილია, რომ ამ პლატფორმაზე ამერიკელ ამომრჩევლებთან მაქსიმალურად მასშტაბური სახის შეხვედრა მოეწყოს.
მოლოდინის მიხედვით, დესანტისი წამყვან არგუმენტად იმას დაასახელებს, რომ ის ერთადერთი კანდიდატი იქნება, რომელსაც 2024 წლის არჩევნებზე ჯო ბაიდენის დამარცხება შეეძლება - დემოკრატი პრეზიდენტის, რომელმაც 2020-ში არჩევნებში რესპუბლიკელ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს მოუგო.
ასევე ნახეთ: რესპუბლიკელი სენატორი ტიმ სკოტი საპრეზიდენტო მარათონში ერთვება"უარი უნდა ვთქვათ ბოლო წლების მარცხების პრაქტიკაზე, რამაც გავლენა იქონია ჩვენ პარტიაზე. თავის მართლების დრო დასრულდა" - თქვა დესანტისმა ერთ-ერთ ბოლო ღონისძიებაზე, რომელიც აიოვის შტატში ახლახან გაიმართა. ბოლო კვირების განმავლობაში მან ამერიკის არაერთი შტატი მოინახულა, სადაც თავს იწონებდა ფლორიდის შტატის მიღწევებით და ფედერალური მთავრობისადმი გაწეული წინააღმდეგობით, განსაკუთრებით - კოვიდ-19-ის პანდემიის დროს.
ფლორიდის შტატში მან მართლაც მიაღწია რამდენიმე საკანონმდებლო გამარჯვებას. მათ შორის - შტატმა მიიღო ზომები აბორტის მკაცრი აკრძალვების მიმართულებით, გაამარტივა იარაღის ტარების უფლებები, გააფართოვა კერძო უნივერსიტეტებში სტუდენტებისთვის დაწესებული შეღავათები და საჯარო უნივერსიტეტებში გააუქმა მრავალფეროვნების უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი პროგრამები.
დესანტისის ერთ-ერთ გახმაურებულ პრობლემებს შორისაა სამართლებრივი ბრძოლა კომპანიასთან "უოლტ დისნეი". კომპანია მას საჯარო სკოლებში გენდერული იდენტობის კონცეფციის სწავლების ამკრძალველი კანონის დამტკიცების გამო უჩივის. კომპანიამ ფედერალურ სასამართლოში ფლორიდის გუბერნატორს კიდევ ერთი ბრალი წაუყენა, რომლის მიხედვითაც დესანტისი სახელმწიფო ძალაუფლებას "უოლტ დისნეის" ოპერაციების შეზღუდვისთვის და მის დასასჯელად იყენებს.