ნიკი ჰეილიმ, გაეროში შეერთებული შტატების ყოფილმა ელჩმა განაცხადა, რომ ის გეგმავს 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე რესპუბლიკური პარტიიდან მონაწილეობის მიღებას. ეს პირველი მნიშვნელოვანი განაცხადია მას შემდეგ, რაც მისმა ყოფილმა უფროსმა, ამერიკის 45-ე პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თქვა, რომ თეთრი სახლისთვის ბრძოლას კვლავ აპირებს.
განცხადება ნიკი ჰეილიმ სამშაბათს, 14 თებერვალს გააკეთა: "მე ნიკი ჰეილი ვარ და საპრეზიდენტო მარათონში ვერთვები" - თქვა მან ვიდეომიმართვაში. "ლიდერობის ახალი თაობის დრო დადგა" - ამბობს 51 წლის ჰეილი, "რათა მოხდეს ფისკალური პასუხისმგებლობების აღდგენა, საზღვრების დაცვა და ჩვენი ქვეყნის გაძლიერება".
ჰეილიმ საგარეო პოლიტიკაში მის გამოცდილებასაც გაუსვა ხაზი: "ჩინეთი და რუსეთი მარშირებენ. ისინი ფიქრობენ, რომ ჩვენი დაშინება და გაგდება შეუძლიათ. ჩემზე ერთი რამ უნდა იცოდეთ: მოძალადეებს მე არ ვეგუები და როცა მათ დარტყმას უბრუნებ, ეს მათთვის გაცილებით უფრო მტკივენულია, როცა ქუსლებზე დგახარ".
ჰეილი მანამდე სამხრეთ კაროლინის შტატის გუბერნატორი იყო. ტრამპის ადმინისტრაციაში კი გაეროში შეერთებული შტატების ელჩის პოსტი ეკავა. ჰეილის პირველი მთავარი საჯარო მიმართვა ამერიკელი ამომრჩევლების მიმართ ოთხშაბათს, სწორედ სამხრეთ კაროლინაში, ქალაქ ჩარლსტონში იგეგმება.
საპრეზიდენტო არჩევნებზე ტრამპის შესაძლო მთავარ ოპონენტებად ასევე განიხილავენ: ყოფილ ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსს; ფლორიდის გუბერნატორ რონ დესანტისს; ნიუ-ჰემფშირის გუბერნატორ კრის სანუნუს და არკანზასის ყოფილ გუბერნატორს ეისა ჰაჩინსონს.
Facebook Forum