ენდრიუ ტეიტს განგრძობით ტრეფიკინგში სდებენ ბრალს

რუმინეთის პროკურატურის ცნობით, ყოფილი სპორტსმენი და ბიზნესმენი, სოციალურ მედიაში ცნობილი ენდრიუ ტეიტი და მისი ძმა ტრისტანი, ასევე ორი სხვა ეჭვმიტანილი ადამიანებით განგრძობითი უკანონო ტრეფიკინგის გამოძიების ეპიცენტრში არიან. პროკურატურა ამბობს, რომ დანაშაულს განგრძობითი ხასიათი ქონდა, და ეს ბრალი უფრო მძიმეა, ვიდრე მანამდე მათ წინააღმდეგ არსებული, ტრეფიკინგის რამდენიმე ცალკეული ბრალდება. ენდრიუ ტეიტი სოციალური მედიის რამდენიმე პლატფორმაზე ქალების მიმართ სიძულვილისა თუ შეურაცხმყოფელი კომენტარების გამო დაბლოკილი იყო.

დაკავებული ძმები ტეიტები და რუმინეთის მოქალაქე ორი ქალი ეჭვმიტანილი ახლა შინა პატიმრობაში არიან. გამოძიება ადამიანებით ვაჭრობის, გაუპატიურების და ქალების სექსუალური ექსპლუატაციის მიზნით კრიმინალური ბანდის ფორმირების მიმართულებით გრძელდება. საქმე სასამართლოს სავარაუდოდ ივნისის ბოლოს გადაეცემა.

ეს ოთხი პირი პოლიციამ 29 დეკემბერს დააკავა და ისინი 31 მარტამდე წინასწარ პატიმრობაში იყვნენ, შემდეგ კი შიდა პატიმრობა შეეფარდათ. სამშაბათს რუმინეთის ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ მომუშავე სპეციალურმა საგამოძიებო განყოფილებამ ძმებს შეატყობინა, რომ მათ მიმართ წაყენებული ბრალი შეიცვალა და მათ არა ტრეფიკინგის ცალკეულ შემთხვევებში, არამედ სისტემატურ ტრეფიკინგში ედებათ.

რუმინული კანონმდებლობით, ადამიანის ტრეფიკინგი 10 წლამდე პატიმრობით ისჯება. გამომძიებელთა ცნობით, ამ ეტაპზე 7 მსხვერპლი ქალის შესახებაა ცნობილი. ეჭვმიტანილთა ადვოკატი ამბობს, რომ ბრალის ცვლილება მათ ინტერესებს შეესაბამება, რადგან ეს მეტად "მიუკერძოებელი" გამოძიების შესაძლებლობას შექმნის.

სამშაბათსვე გამომძიებლებმა თქვეს, რომ აღძრულია კიდევ ერთი საქმე რუმინელი მამაკაცის, ძმების მეგობრის წინააღმდეგ, რომელსაც ასევე ადამიანთა ტრეფიკინგის და 7 ქალის სექსუალური ექსპლუატაციის მიზნით კრიმინალური დაჯგუფების შექმნას ედავებიან. მსხვერპლი ქალები ამბობენ, რომ მათ სოციალური მედიისთვის პორნოგრაფიული მასალების შექმნას აიძულებდნენ და ამ მასალებიდან მიღებული თანხები თითქმის მთლიანად ეჭვმიტანილთა ხელში რჩებოდა.