ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრეფიკინგის პრობლემა აშშ-ში


ტრეფიკინგის პრობლემა აშშ-ში
ტრეფიკინგის პრობლემა აშშ-ში

ოფიციალური წყაროების მიხედვით, ნიუ იორკის დასახლება ქვინსი, რომელიც ქალაქის ორ ცენტრალურ აეროპორტს აერთიანებს, შეერთებული შტატების ზედა ხუთეულშია ადამიანთა ტრეფიკინგის მონაცემების მიხედვით. თუმცა, სპეციალისტები დასძენენ, რომ ტრეფიკინგისთვის სრულებით არ არის აუცილებელი მსხვერპლის ტრანსპორტირება. ამერიკის ხმის კორესპონდენტის, პიტერ ფედინსკის, თქმით, სუტენიორთა ვერაგული თვალთმაქცობის მსხვერპლი ერთნაირად ხდება როგორც უცხოელი, ასევე ადგილობრივი მოქალაქე.

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მონაცემებით ქვეყანაში ამ მიზნით ყოველწლიურად საშუალოდ 17 ათასი ადამიანი შემოჰყავთ. მათ შორის უმეტესობა ქალი ან ბავშვია და ისინი განწირულნი არიან მეძაობისთვის. ადგილობრივ ამერიკელთა რიცხვი ბევრად აღემატება 17 ათასს. ისინი ისე ხდებიან ტრეფიკინგის მსხვერპლი, რომ ხშირად საკუთარ უბანსაც კი არ გაცდებიან ხოლმე.

ტრეფიკინგის წინააღმდეგ მებრძოლი აქტივისტები აღნიშნავენ, რომ ადამიანებით აკრძალული ვაჭრობა ხშირად არ გულისხმობს ძალადობას. გაეროს განმარტებით ტრეფიკინგი ნიშნავს „ადამიანების დაქირავებას მოტყუებით“ ან „უფლებამოსილების გადამეტებით... და მის შემდგომ ექსპლუატაციას“. ძალიან ხშირად პროფესიონალი დამქირავებლები თბილ და მოსიყვარულე ადამიანებად მოგვევლინებიან, რომლებიც ამავე დროს კარგი მსმენელები არიან და მზად არიან დაეხმარონ გაჭირვებულ ადამიანს.

რიტა აბადი სექსუალური ძალადობის ინტერვენციის პროგრამის მენეჯერია ნიუ იორკში. იგი აღნიშნავს, რომ მსხვერპლი უმეტეს შემთხვევაში დაჩაგრული, დაკარგული, მარტოსული ადამიანია, რომელიც მეგობარს და მფარველს ეძებს.

„ძალიან ხშირად ეს ე.წ. „მფარველები“ კარგად სწავლობენ თქვენს ცხოვრებას, აგროვებენ ცნობებს ოჯახის, მეგობრების შესახებ. მალე ისინი ამ მონაცემებს თქვენი ცხოვრების კონტროლისთვის გამოიყენებენ“.

მოვუსმინოთ შეილა უაითს ქუინსიდან, რომელიც ოდესღაც თავად გამოექცა სუტენიორს და ახლა კონსულტაცას უწევს დანარჩენ გოგონებს. შეილას საკმაოდ რთული ცხოვრება ჰქონდა. მამის ძალადობა, დედის ალკოჰოლიზმი, სახლიდან გაქცევა, გაუპატიურება ახალ ოჯახში, თვითმკვლელობის მცდელობა, ფსიქიატრიული საავადმყოფო... ეს ყველაფერი შეილას ცხოვრებაში 15 წლის ასაკამდე მოხდა. მაშინ მან სუტენიორების არსებობის შესახებ არაფერი იცოდა.

„მასთან რამდენიმე შეხვედრის შემდეგ, მეგონა რომ პირველად ცხოვრებაში შევიძინე ნამდვილი მეგობარი. ის ბოლომდე კარგად მისმენდა, გაგებით ეკიდებოდა ჩემს სირთულეებს. ძალიან მზრუნველი და მოსიყვარულე სჩანდა“.

შეილას არც წასასვლელი ჰქონდა სადმე და არც არავინ ჰყავდა სხვა ხმის გამცემი. ამიტომაც იოლად მისცა ამ ადამიანს უფლება მეძავედ ექცია იგი და გაეყიდა მისი მომსახურება. მოგვიანებით შეილას ეყო ძალა მისგან თავის დაღწევის და დღეს ის კონსულტაციას უწევს ქალებს და ბავშვებს ნიუ იორკში. ხშირად მისი კლიენტების ასაკი მხოლოდ 12 წელს შეადგენს.

იურისტი ლორი კოჰენი აღნიშნავს, რომ ზოგჯერ ოჯახის წევრები, ქმრები, მამები, ან შეყვარებულები გვევლინებიან სუტენიორების როლში. რა თქმა უნდა მოტაცებებიც ხდება, მაგრამ უფრო იშვიათად. საკმაოდ ხშირია კრედიტორების მიერ აღმოსავლეთ აზიელი ქალების ტრეფიკინგის შემთხვევები. ასეთი გოგონები საკუთარი შემოსავლით მთელ ოჯახს ინახავენ და მათი გადარჩენა საკმაოდ რთულია. გასათვალისწინებელია აგრეთვე ბაზრის მოთხოვნაც - მომხმარებელი, რომელიც მზად არის გადაიხადოს მომსახურებისთვის. სამწუხაროდ ახლანდელი კანონმდებლობით ისჯება მხოლოდ მეძავი და არა მისი კლიენტი.

XS
SM
MD
LG