ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროკავშირი გაყინული ქონების ჩამორთმევის გაადვილებას ცდილობს


ევროკომისია ცდილობს, ქონების კონფისკაციის კუთხით ნაბიჯი წინ გადადგას და საკანონმდებლო ჩარჩო შეიმუშაოს, რომელიც მათ დამნაშავეებისთვის და სანქცირებული პირებისთვის გაყინული ქონების ჩამორთმევის საშუალებას მისცემს.

ევროპაში ეს საკითხი წლებია პრობლემურია თუმცა უკრაინაში რუსეთის შეჭრამ, ეს თემა წინ წამოწია. უკრაინის პრეზიდენტმა არაერთხელ მოუწოდა დასავლეთის ქვეყნებს, მომხდარიყო დასანქცირებული პირებისთვის ქონების ჩამორთმევა, მიღებული თანხა კი უკრაინის დასახმარებლად მიმართულიყო.

სააგენტო „როიტერის“ ცნობით უკვე მზად არის საკანონმდებლო ინიციატივის პროექტი, რომელიც ოთხშაბათს გამოქვეყნდება.

კანონპროექტის სამუშაო ვარიანტის მიხედვით, ჩამორთმევას დაექვემდებარება შემდეგ დანაშაულებში ბრალდებული პირების ქონება: ტერორიზმი, კრიმინალურ ორგანიზაციების წევრობა, ადამიანებით ვაჭრობა, ფულის გათეთრება და ევროკავშირის სანქციების დარღვევა.

„როიტერის“ ცნობით, კიდევ ერთი ინიციატივით, რომელიც ასევე ოთხშაბათს გამოქვეყნდება, ევროკავშირის სანქციების დარღვევა დანაშაულად გამოცხადდება.

არსებული ინფორმაციით სამუშაო დოკუმენტში საუბარია, რომ ქონების ჩამორთმევა შესაძლოა მოხდეს იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეჭვმიტანილი/ბრალდებული მას მესამე პირზე გადააფორმებს.

ევროკავშირში ბოლო თვეების განმავლობაში არაერთხელ აღნიშნეს, რომ ერთ-ერთი დაბრკოლება, რომელიც მათ მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების აღსრულების დროს შეექმნათ ის იყო, რომ სანქცირებულ პირთა აქტივები მესამე პირებზე იყო გადაფორმებული, რის გამოც მათი ჩამორთმევა ვერ ხდებოდა. ახალი საკანონმდებლო ცვლილებების დამტკიცების შემთხვევაში, ეს დაბრკოლება მოიხსნება.

„ჩვენ ვმუშაობთ ევროპულ ინსტრუმენტზე, რათა შესაძლებელი გახდეს კონფისკაცია ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში,“- ამბობს ევროკავშირის იუსტიციის კომისარი, დიდიე რაინდერსი.

ინიციატივის კანონად ქცევას, ევროკავშირის მთავრობების მხარდაჭერა დასჭირდება, რომლებიც ტრადიციულაად ფრთხილად ეკიდებიან, ბრიუსელის მოთხოვნის შესაბამისად, მათი სისხლის სამართლის კოდექსის ცვლილებას.

XS
SM
MD
LG