უკრაინის პრეზიდენტმა მსოფლიოს მოუწოდა რუსეთის წინააღმდეგ, სადამსჯელო სანქციები გაამკაცროს. მისი თქმით, ეს იქნება გზავნილი ქვეყნებისთვის, რომლებიც სამხედრო გზებით საკუთარი მიზნების მიღწევას ეცდებიან.
დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას, ბიზნეს ლიდერებს ვოლოდიმირ ზელენსკიმ უთხრა, რომ „პრევენციული და არა რეაქტიული ქმედებებია“ საჭირო, რუსეთის მსგავსი მოქმედებების თავიდან ასარიდებლად.
„მე მადლობელი ვარ თქვენი და თქვენი ქვეყნების, რომ ხართ ერთიანი უკრაინის მხარდაჭერის საქმეში და მცდელობაში დასაჯოთ რუსეთი, იმ ომისთვის რომელიც ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ წამოიწყო. თუმცა უნდა ვთქვა, რომ ეს მხოლოდ ახლა მოხდა, მაშინ როცა სრულმასშტაბიან აგრესიაზე რუსეთის მხრიდან 2014 წლის შემდეგ ვსაუბრობთ. მსოფლოს ქმედებები პრევენციული და არა რეაქტიული რომ ყოფილიყო, ეს ომი თავიდან იქნებოდა აცილებული“, - განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ თქვა, რომ სანქციები უნდა იყოს მკაცრი, სხვა აგრესორების შესაკავებლად.
„სანქციები უნდა იყოს მაქსიმალური, რათა რუსეთმა ან სხვა ნებისმიერმა აგრესორმა, რომელსაც სურს მეზობლის წინააღმდეგ ბრუტალური ომის წამოწყება, კარგად გაიგოს ის შედეგები, რაც მათ მოელის, მათი ქმედებების საპასუხოდ“, - თქვა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ ხაზი გაუსვა იმას, რომ მის ქვეყანას მეტი იარაღი სჭირდება, რუსეთის წინააღმდეგ თავის დასაცავად და ისაუბრა უფრო დამატებითი ქმედებების სანქციის დაწესების აუცილებლობაზე, რათა კომპანიებზე გაიზარდოს ზეწოლა დატოვონ რუსეთი. მან ქვეყნებს ასევე მოუწოდა რუსეთთან ვაჭრობის წინააღმდეგ და ნავთობის ემბარგოს დაწესებისკენ.
Facebook Forum