აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ადამიანთა ტრეფიკინგის შესახებ რიგით მე-16 ყოველწლიური ანგარიში (http://paei.state.gov/j/tip/rls/tiprpt/2016/258687.htm) გამოაქვეყნა. აქ ადამიანებით ვაჭრობის წინააღმდეგ მსოფლიოს 188 სახელმწიფოს, მათ შორის, შეერთებული შტატების, მთავრობათა ძალისხმევაა აღწერილი.
2016 წლის ანგარიშში იმ ქვეყნების შავ სიას, ეგრეთ წოდებულ მესამე კალათას, სადაც ადამიანებით ვაჭრობის თვალსაზრისით ყველაზე სავალალო ვითარებაა, კიდევ რვა სახელმწიფო - უზბეკეთი, თურქმენეთი, ბირმა, ჰაიტი, ჯიბუტი, პაპუა ახალი გვინეა, სუდანი და სურინამი - დაემატა. მესამე კალათში ყოფნამ, შესაძლოა, გამოიწვიოს სანქციები, რაც აღნიშნულ სახელმწიფოებს ამერიკულ და საერთაშორისო ფინანსური დახმარებას შეუზღუდავს.
სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, ადამიანებით ვაჭრობის წინააღმდეგ მიმართული ძალისხმევის მიუხედავად, მილიონობით პირი მენტალური, ფიზიკური და ფინანსური ძალადობის მსხვერპლია. ტრეფიკერები ამ ადამიანების დაუცველობაზე ითბობენ ხელს.
"დღეს მონობაშია 20 მილიონი ადამიანი. მათ აქვთ სახელები. მათ ჰყავთ, ან ჰყავდათ ოჯახები," ამბობს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი და აღნიშნავს, რომ ადამიანებით ვაჭრობა ინდუსტრიად გადაიქცა, რომლითაც ყოველწლიურად მილიარდობით დოლარს შოულობენ.
სახელმწიფო მდივან კერის თქმით, ადამიანებით ვაჭრობის შესახებ ყოველწლიური მოხსენების ამოცანა არაა ვიღაცის გალანძღვა, ან შერცხვენა. ანგარიში მიზნად ისახავს ქვეყნების წახალისებას, რათა მათ ვითარება უკეთესობისაკენ შეცვალონ.
წლევანდელმა დოკუმენტმა პირველ კალათას 36 სახელმწიფო მიაკუთვნა. მეორე კალათაში 78 ქვეყანაა. მეორე კალათშია კიდევ 44 სახელმწიფო, თუმცა მათ მოხსენების ავტორები გამადიდებელი შუშით აკვირდებიან. მესამე კალათში 27 სახელმწიფო აღმოჩნდა. ლიბია, სომალი და იემენი განსაკუთრებული შემთხვევების კატეგორიას მიაკუთვნეს. ამ ქვეყნებს არ ჰყავთ სტაბილური მთავრობები, რომლებიც ადამიანებით ვაჭრობის წინააღმდეგ ზომებს მიიღებდნენ.
პირველი კალათის ქვეყნები ტრეფიკინგის მსხვერპლთა დაცვის შესახებ აშშ-ის კანონის მოთხოვნებს სრულად აკმაყოფილებენ, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ აღნიშნულ სახელმწიფოებში ადამიანებით ვაჭრობა სრულად აღმოფხვრილია. მოხსენების ავტორთა თქმით, მეორე კალათში ყოფნა ნიშნავს, რომ ქვეყანა სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს, მაგრამ ძალისხმევას არ იშურებს ვითარების შესაცვლელად.
საქართველო ქალებისა და გოგონების სექსუალური ექსპლუატაციის, ასევე მამაკაცების, ქალებისა და ბავშვების შრომითი ექსპლუატაციის წყაროდ, სატრანზიტო და დანიშნულების ქვეყნად კვლავ რჩება-აღნიშნულია ანგარიშში.
ამასთან, საქართველო იმ ქვეყნების სიაშია, რომლებიც ტრეფიკინგს ყველაზე წარმატებით ებრძვიან. კავკასიის რეგიონში საქართველოსთან ერთად პირველ კალათაში ასევე მოხვდა სომხეთი.