ავტორი: კობა ლიკლიკაძე, "რადიო თავისუფლება"
ქალაქ ბახმუტთან ჩატარებული ოპერაციის შესახებ, რომლის შედეგად „ქართულმა ლეგიონმა“ რუსეთის კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ მოიერიშე ჯგუფი გაანადგურა, პირველი ცნობები 14 დეკემბერს უკრაინულმა მედიამ და სოციალურმა ქსელებმა გაავრცელეს.
„ოკუპანტების დანაკარგი დაახლოებით ათ დამპყრობელს შეადგენს“, - დაწერა საინფორმაციო სააგენტო „უნიანის“ ავტორმა, მარტა გიჩკომ, რომლის თანხმად ეს ოპერაცია „ქართული ლეგიონის“ მებრძოლებმა მათ დაღუპულ თანამოძმეს, ჯამბულათ ხოფერიას მიუძღვნეს.
„ქართველი მეომრების სისხლი არავის შერჩება“
მარტა გიჩკოს სტატიას ახლავს ბრძოლის ველზე, სავარაუდოდ მობილური ტელეფონის კამერით გადაღებული ვიდეო, რომელზეც ჩანს ოპერაციის შედეგად დახოცილი „ვაგნერის“ ათამდე დაქირავებული მებრძოლი. ვიდეოზე ისმის დახოცილთა მახლობლად მოსიარულე ორი მებრძოლის ხმა.
ერთი ქართულად ამბობს: “ვერტუშკა“ (ვერტმფრენი) მოდის“.
ამაზე მას მეორე მებრძოლი ასევე პასუხობს: „...დაიკიდე „ვერტუშკა“. დოკუმენტები მჭირდება!“
იგივე პირი ამას რუსულადაც იმეორებს.
ლაპარაკია პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებზე, რომლებიც, ვიდეოზე აღბეჭდილი საუბრის თანახმად, 11 დახოცილი „ვაგნერელისგან“ მხოლოდ 3-ს უპოვეს.
ამ ინფორმაციას და ვიდეოს დიდი გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელში. "ქართული ლეგიონის" ბრწყინვალე მეომრები, რომლებმაც გაანადგურეს ვაგნერის დაჯგუფება, აიღეს ქართველი გმირების სისხლი.
მადლობა მათ ამ გმირობისთვის!
გაბედული, მამაცი და საკუთარი საქმის პროფესიონალები არიან!
სულ გამარჯვებით გევლოთ“, - წერს თავის "ფეისბუკში" ლადო გამსახურდია, უკრაინაში მებრძოლი „კავკასიის ლეგიონის“ მეთაური.
“ქართული ლეგიონის სპეცოპერაციების რაზმმა ეს ოპერაცია ომში გმირულად დაღუპული ჯამბულათ ხოფერიას და ქართველი მეომრების სახელზე ჩაატარა. დაე, გაიგოს მტერმაც და ყველამ, რომ ქართველი მეომრების სისხლი არავის არასდროს შერჩება. დიდება ჩვენს ჯიშს, დიდება ჩვენს სისხლს, დიდება უფალს, გაუმარჯოს ღირსებას!,” - წერს უკრაინაში მებრძოლი კიდევ ერთი ქართველი მოხალისე ლევან ფიფია.
„ასეთ ოპერაციებს მომავალშიც ჩავატარებთ“
14 დეკემბერს ბახმუტთან „ვაგნერელთა“ ჯგუფის ლიკვიდაციის ოპერაციას ხელმძღვანელობდა უშუალოდ „ქართული ლეგიონის“ მეთაური მამუკა მამულაშვილი, რომელმაც ამ ოპერაციის შესახებ ზოგიერთი ცნობა მოგვაწოდა.
„ქართულმა ლეგიონმა“ დაგეგმა და შეასრულა ეს ოპერაცია თავისი ინიციატივით და მხოლოდ იმიტომ, რომ ბახმუტში ექვსი ქართველი მოკლეს. ოპერაცია უდანაკარგოდ ჩავატარეთ, დაღუპულები და დაჭრილები არ გვყოლია“, - ამბობს ქართული ლეგიონის მეთაური მამუკა მამულაშვილი.
სპეცოპერაციაში, რომელიც შეთანხმებული იყო უკრაინის სამხედრო ხელმძღვანელობასთან, ქართველებთან ერთად უკრაინელი ჯარისკაცებიც მონაწილეობდნენ. ბრძოლაში სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ცოცხალი ძალის გარდა მძიმე ტექნიკაც განადგურდა.
„ამ ოპერაციაში მონაწილეობდა „ქართული ლეგიონის“ ერთ-ერთი ჯგუფი, რომელიც მთლიანად ქართველებისგან არის შედგენილი, ხოლო „ქართული ლეგიონის“ მეორე ჯგუფი მთლიანად უკრაინელებისგან შედგებოდა. და ამ ორმა ჯგუფმა ჩაატარა ეს სპეცოპერაცია. ოპერაციის დროს გავანადგურეთ მოწინააღმდეგის 5 ერთეული BMP-ს ტიპის ქვეითთა ჯავშანმანქანა, 2 ტანკი და 11 რუსი სამხედრო „ვაგნერის“ ჯგუფიდან,“ - ამბობს მამულაშვილი და დასძენს, რომ „ქართული ლეგიონი“ მტრის ზურგში მსგავს „საპასუხო ოპერაციებს“ მანამდეც ატარებდა და მომავალშიც ჩაატარებს „ნებისმიერი დაღუპული ქართველისთვის“.
ძალოსანი ჯაბა (ჯამბულათ) ხოფერია უკრაინაში 1 დეკემბერს დაიღუპა. მისი თანამებრძოლებისა და მეგობრების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ის ხერსონთან ქიმიური იარაღის შედეგად მიღებული მოწამვლის გართულებებით გარდაიცვალა.
3 დეკემბერს ბახმუტთან „კადიროველების“ თავდასხმას ერთბაშად ხუთი ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა: ბადრი მარკელია, ავთო რურუა, რომეო ფიჩხაია, როლანდ კვარაცხელია და მერაბ ალადაშვილი.
„ეს არ არის ამდაგვარი პირველი ოპერაცია. ვგულისხმობ, ჩვენი ბიჭების დაღუპვის საპასუხო ოპერაციას. ყველა დაღუპულ ქართველზე ზუსტად ასეთი ოპერაცია ჩავატარეთ. მანამდე ჩატარებული ოპერაციის დროს „ვაგნერის“ ჯგუფიდან“ 16 რუსი იყო მოკლული. ეს ხუთი თვის წინ მოხდა ასევე ბახმუტის მიმართულებით“, - ამბობს მამუკა მამულაშვილი.
„ქართული ლეგიონი“ ყველაზე ძველი უცხოური დანაყოფია, რომელიც უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარდამხარ იბრძვის 2014 წლიდან, რუსეთის მხარდაჭერით დონბასელი სეპარატისტების მიერ დაწყებული შეიარაღებული ამბოხების პირველი დღეებიდან.
"ქართული ლეგიონი", რომელიც დღეისთვის 1300 სამხედროს აერთიანებს, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამმართველოს ექვემდებარება.
2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ფართომასშტაბიანი ომის დროს „ქართულმა ლეგიონმა“ წინა ხაზზე რამდენიმე მებრძოლი დაკარგა.
„7 მებრძოლი დაგვეღუპა. მათ შორის იყვნენ პოლონელები, ინგლისელები და ერთი ბრაზილიელი გოგო. კიდევ 8 ქართველი მებრძოლი დაგვეჭრა“, - ამბობს მამულაშვილი.
რუსეთმა სრულმასშტაბიანი ომი უკრაინაში 24 თებერვალს დაიწყო. უკრაინის მხარეს უკრაინაში მცხოვრები თუ საქართველოდან წასული 1500-მდე ქართველი მეომარი იბრძვის. პირველი ინფორმაცია ქართველი მებრძოლების დაღუპვის შესახებ 18 მარტს გავრცელდა. ომის დაწყებიდან ამ დრომდე უკრაინაში უკვე 36 ქართველი მებრძოლი დაიღუპა.
ვაგნერის შესახებ
უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის რეგულარულ ჯარებთან ერთად ჩართულია კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერი". წლების განმავლობაში, არაერთი მედიასაშუალება წერდა, მათ შორის ჟურნალისტურ გამოძიებაზე დაყრდნობით, რომ "ვაგნერის" მფლობელია პრეზიდენტ პუტინთან დაახლოებული, მის "პირად მზარეულად" წოდებული ბიზნესმენი ევგენი პრიგოჟინი. თავად პრიგოჟინმა საჯაროდ 2022 წლის 26 სექტემბერს აღიარა, რომ "ვაგნერის" დამაარსებელი და დამფინანსებელია.
ამ კერძო სამხედრო კომპანიის მებრძოლები მონაწილეობენ სამხედრო სახმელეთო ოპერაციებში სირიაში, აფრიკაში და უკრაინასთან ომში, სადაც ამ დაჯგუფების მებრძოლები ეჭვმიტანილი არიან მრავალი სამხედრო დანაშაულის ჩადენაში.
უკრაინაში რუსეთის არმიის შეჭრის და რამდენიმე მარცხის შემდეგ უკრაინის ტერიტორიაზე, პრიგოჟინმა დაიწყო რუსეთის საპატიმროებში მყოფი პატიმრების გადაბირება და „ვაგნერის“ რიგებში უკრაინაში საომრად გაგზავნა გარკვეული პირობებით. სხვადასხვა მონაცემით, „ვაგნერში“ გაწევრიანებაზე დაიყოლიეს ოცი ათასამდე პატიმარი.