თალიბანი ავღანეთის იზოლაციის დასრულებას ცდილობს

ქაბული, ავღანეთი

ავღანეთის და კატარის ლიდერებს შორის მაისში საიდუმლო მოლაპარაკება გაიმართა. მხარეებმა რეგიონში დაძაბულობის მოგვარების გზებზე იმსჯელეს, რაც მიანიშნებს ქაბულის სურვილზე, დაასრულოს ავღანეთის საერთაშორისო იზოლაცია.

ინფორმაცია სააგენტო "როიტერს" ექსკლუზიურად, ანონიმურობის დაცვის პირობით ერთ-ერთმა წყარომ მიაწოდა. მისი თქმით, ამ მოლაპარაკებების შესახებ ინფორმირებულია შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციაც, რომელიც "განსახილველი საკითხების კოორდინაციაშია ჩართული".

ასევე ნახეთ: ამერიკული დახმარებით შეიძლება თალიბანი სარგებლობდეს

როგორც ირკვევა, შეხვედრა 12 მაისს, ავღანეთის ქალაქ ყანდაარში გაიმართა. მას კატარის მხრიდან პრემიერ-მინისტრი მოჰამედ ბინ-აბდულრაჰმან ალ-თანი ესწრებოდა. ავღანეთს კი წარმოადგენდა თალიბანის უზენაესი ლიდერი ჰაიბათულა ახუნზადა.

წყაროს ინფორმაციით, იმ საკითხებს შორის, რომლებიც კატარის ლიდერმა შეიხ მოჰამედმა წამოჭრა, იყო ავღანეთში გოგონების განათლების და ქალების დასაქმების აკრძალვის დასრულების აუცილებლობა. კატარი მკაცრად აკრიტიკებს თალიბანის მიერ ქალთა უფლებების შეზღუდვას, თუმცა პარალელურად, ავღანეთის ისლამისტურ მოძრაობასთან ტრადიციული კავშირები აქვს.

ყანდაარში გამართულ შეხვედრასთან დაკავშირებით, განცხადება თეთრ სახლს და შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტს აქამდე არ გაუკეთებიათ. "როიტერს" კომენტარის თხოვნაზე არც თალიბანმა და არც ვაშინგტონში კატარის საელჩოს წარმომადგენლობამ უპასუხა.

ასევე ნახეთ: ქალები მთელ მსოფლიოში კვლავ თანაბარ შესაძლებლობებს ითხოვენ