„პუტინს სურდა ნაკლები ნატო საზღვართან... ახლა ის უფრო მეტ ნატოს იღებს,“- სტოლტენბერგი

დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე მყოფი ნატოს გენერალური მდივანი ამბობს, რომ უკრაინაში რუსეთის ომი, კრემლის წლების განმავლობაში მოქმედი პოლიტიკის ნაწილია, როცა მოსკოვი „ძალის გამოყენებით ცდილობს, პოლიტიკური მიზნების მიღწევას“.

იენს სტოლტენბერგის თქმით, უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი ომის დაწყებამდე „რუსეთს არ სურდა ნატო საზღვართან“, პუტინის გადადგმული ნაბიჯი კი ნატოს წევრთა რაოდენობას ზრდის.

„(პუტინს) სურდა ნაკლები ნატო მის საზღვრებთან და დაიწყო ომი, ახლა ის უფრო მეტ ნატოს იღებს თავის საზღვრებთან, გაზრდილი შემადგენლობით,“- აცხადებს სტოლტენბერგი.

ჩრდილო ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციას, უკრაინაში ომის განახლების შემდეგ, ფინეთმა და შვედეთმა წევრობის სურვილით უკვე მიმართა. ორივე ქვეყანა წლების განმავლობაში ნეიტრალიტეტს ინაჩუნებდა, თუმცა რუსული აგრესიის ფონზე ქვეყნებმა მრავალწლიანი გადაწყვეტილება შეცვალეს. სტოლტენბერგი ამბობს, რომ ეს ისტორიული ნაბიჯია.

„ფინეთის და შვედეთის გადაწყვეტილება ნატოში გაწევრიანებაზე განაცხადის შესახებ ისტორიულია. ეს მეტყველებს იმაზე, რომ ევროპის უსაფრთხოება არ იქნება ნაკარნახევი ძალადობითა და დაშინებით. ყველა მოკავშირე თანხმდება, რომ ნატოს გაფართოება დიდი წარმატება იყო, თავისუფლებისა და დემოკრატიის გავრცელება მთელს ევროპაში", - თქვა მან.

ასევე ნახეთ: ზელენსკიმ დავოსის ფორუმზე რუსეთზე სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა

დავოსში მყოფმა სტოლტენბერგმა ევროპულ ქვეყნებს მოუწოდა, არ ივაჭრონ საკუთარი უსაფრთხოებით ეკონომიკური სარგებლისთვის. გენერალური მდივნის თქმით, 5G ქსელებში ჩინური ტექნოლოგიების გამოყენება დიდ რისკებს შეიცავს. ამ პოზიციას წლებია იზიარებს ვაშინგტონი. ამასთან, ამერიკაში მიაჩნიათ, რომ ევროპამ ჩინეთს არ უნდა მისცეს კონტროლი კრიტიკულად მნიშვნელობის ინფრასტრუქტურაზე.

„მე არ ვარ ჩინეთთან ვაჭრობის წინააღმდეგი, მაგრამ ვამბობ, რომ 5G ქსელებზე კონტროლი კრიტიკული მნიშვნელობისაა,“- თქვა დავოსში სტოლტენბერგმა და დაამატა, რომ ჩინური კომპანიები „არ არიან სანდო, როდესაც საქმე ჩვენს უსაფრთხოებას ეხება“.

ასევე ნახეთ: პენტაგონი: 20-მდე ქვეყანა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებისთვის მზად არის  

ნატოს გენერალურმა მდივანმა ეკონომიკურ ფორუმზე საუბრისას თქვა, რომ თავისუფალი ვაჭრობა კარგია, თუმცა ის ზოგიერთ შემთხვევაში უსაფრთხოებას გამოწვევას უქმნის.

ვაშინგტონში მიაჩნიათ, რომ ჩინური სატელეკომუნიკაციო აღჭურვილობის მწარმოებელი „ჰუავეი“ ჩინეთის კომუნისტური პარტიის იარაღია და ის გამოიყენება, როგორც სათვალთვალო მექანიზმი. ჩინური კომპანია ჯაშუშობის ბრალდებებს უარყოფს.

ასევე ნახეთ: ევროკავშირი გაყინული ქონების ჩამორთმევის გაადვილებას ცდილობს

„ვაჭრობა, ზოგიერთ ავტორიტარულ რეჟიმთან ძირს უთხრის ჩვენს უსაფრთხოებას. ჩვენ უნდა გავაკეთოთ არჩევანი უსაფრთხოებასა და ავტორიტარულ რეჟიმებზე ზედმეტად დამოკიდებულებას შორის“- თქვა სტოლტენბერგმა.

ნატოს გენერალურმა მდივანმა ასევე ისაუბრა „ჩრდილოეთის ნაკად 2-თან“ დაკავშირებით. გაზსადენის ამ პროექტით, რუსეთიდან გერმანიაში გაზის ტრანსპორტირება უნდა გაორმაგებულიყო, უკრაინაში ომის დაწყებამდე ორი დღით ადრე, ბერლინმა პოზიცია შეცვალა და გაზსადენის ამოქმედებაზე უარი განაცხადა. ვაშინგტონში პროექტს წლების განმავლობაში ეწინააღმდეგებოდა და ამბობდა, რომ რუსულ ენერგიაზე ევროპის დამოკიდებულების ზრდა, ევროპის უსაფრთხოებას პრობლემას უქმნიდა.

„ის აზრი, რომ ჩვენ უნდა გვქონდეს თავისუფალი ვაჭრობა ბუნებრივ აირზე, ანუ ჩვენ უნდა ვიყიდოთ რუსეთიდან იმდენი გაზი, რამდენიც გვინდა, არასწორი და საშიშია,“- თქვა ნატოს გენერალურმა მდივანმა

Your browser doesn’t support HTML5

კიევი-ბერლინი: რთული პარტნიორობა

დღეს, ევროპული სახელმწიფოების ნაწილი, რუსულ ენერგოიმპორტზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებულები და უკრაიანის ომის შემდეგ, ცდილობენ, შეამცირონ რუსული გაზისა და ნავთობის იმპორტი. თუმცა ეს სირთულეებს უკავშირდება.

„ეს რუსეთს აძლევს იარაღს ჩვენ დასაშინებლად და ჩვენს წინააღმდეგ, და ეს ახლა ნათლად გამოჩნდა", - თქვა სტოლტენბერგმა.