ორშაბათს, ვეტერანმა რუსმა დიპლომატმა, რომელიც გაეროს ჟენევის ოფისში მუშაობდა, თანამდებობა დატოვა იმის გამო, რომ როგორც თვითონ თქვა - პრეზიდენტ პუტინის უკრაინაში შეჭრის გამო „უაღრესად რცხვენია".
რუსეთის დიპლომატიურ კორპუსში იშვიათი, თუმცა არა გამონაკლისი პროტესტით, 41 წლის ბორის ბონდარევმა სამსახურიდან გათავისუფლების წერილი ელჩ გენადი გატილოვს გადასცა და შემდეგ რუსული საომარი ძალისხმევის მწვავე გაკიცხვის განცხადება გამოაქვეყნა.
„პუტინის მიერ უკრაინის და სინამდვილეში მთელი დასავლური სამყაროს წინააღმდეგ წამოწყებული აგრესიული ომი არა მხოლოდ უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, არამედ შესაძლოა რუსი ხალხის წინააღმდეგ მიმართული ყველაზე სერიოზული დანაშაულია და მსხვილი ასო „Z”, ჩვენს ქვეყანაში თავისუფალი და წარმატებული საზოგადოების შექმნის ყველა იმედს და პერსპექტივას შლის“, თქვა ბონდარევმა.
ბონდარევი, რომელიც ჟენევაში განიარაღების საკითხებზე მუშაობდა აცხადებს: „მათ, ვინც ეს ომი ჩაიფიქრა, მხოლოდ ერთი რამ სურთ - სამუდამოდ ხელისუფლებაში დარჩენა, უგემოვნო პომპეზურ სასახლეებში ცხოვრება, ცურვა იახტებით, რომელთა ტონაჟი და ფასი მთელი რუსული სამხედრო ფლოტის მსგავსია, უსაზღვრო ძალაუფლებით ტკბობა და სრული დაუსჯელობა".
ბონდარევმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი დაახასიათა როგორც „ამ სისტემის დეგრადაციის კარგი ილუსტრაცია“.
„რუსეთს მოკავშირეები აღარ ჰყავს და ეს უგუნური და ცუდად მოფიქრებული პოლიტიკის გარდა ვერავის დაბრალდება... აღარ შემიძლია გავიზიარო ეს სისხლიანი, უტვინო და აბსოლუტურად არასაჭირო მდაბალი საქციელი“, დაამატა ბონდარევმა.
კითხვაზე, მისი კოლეგებიც იგივეს თუ გრძნობენ, მან უპასუხა: „ყველა რუსი დიპლომატი ომის წამქეზებელი არ არის, ისინი კეთილგონიერები არიან, მაგრამ ვალდებული არიან პირი მოკეტილი ჰქონდეთ.“