პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი 9 მაისს დასავლეთისთვის გამაფრთხილებელი სიგნალის გაგზავანას გეგმავს. საბჭოთა კავშირის ნაცისტურ გერმანიაზე გამარჯვების 77-ე წლისთავის აღსანიშნავ ღონისძიებებზე, კრემლი რუსეთის სამხედრო ძლიერების წარმოჩენას ეცდება მაშინ, როცა რუსი ჯარისკავები უკრაინაში ამ დრომდე იბრძვიან.
კრემლმა განაცხადა, რომ დასავლური იზოლაციის ფონზე, პუტინი წითელ მოედანზე სამხედრო აღლუმს ჩაიბარებს და სიტყვით გამოვა. აღლუმში მონაწილეობას ჯარი, ტანკები, მძიმე ჯავშანტექნიკა, არტილერია და საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტები მიიღებს.
წმინდა ბასილის ტაძრის თავზე ასევე დაგეგმილია ზებგერითი თვითმფრინავების, ტუ-160 სტრატეგიული ბომბდამშენების და პირველად 2010 წლის შემდეგ, ილ-80-ის გადაფრენა. ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს.
ილ-80 სამეთაურო თვითმფრინავია, რომელიც ატომური ომის შემთხვევაში რუსეთის პრეზიდენტის და ქვეყნის ლიდერებისთვის სამეთაურო პოსტი იქნება.
კრემლის 69 წლის ლიდერმა მის მიერ უკრაინაში დაწყებული ომი არაერთხელ შეადარა მეორე მსოფლიო ომს და რუსეთის დღევანდელი გამოწვევები არაერთხელ დაუკავშირა საბჭოთა კავშირის ბრძოლას ადოლფ ჰიტლერის გერმანიის წინააღმდეგ.
"დიდი სამამულო ომის წინ აგრესორის დამშვიდების მცდელობა შეცდომა აღმოჩნდა, რომელიც ძვირი დაუჯდა ჩვენს ხალხს. ასეთ შეცდომას მეორედ არ დავუშვებთ. ამის უფლება არ გვაქვს “, თქვა პუტინმა 24 თებერვალს, როდესაც მან უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ დაწყება გამოაცხადა.
რუსეთის მთავრობა უკრაინაში მიმდინარე ომს დღემდე სპეციალურ სამხედრო ოპერაციას უწოდებს. კრემლი უკრაინის წინააღმდეგ ბრძოლას იქ რუსულენოვანი მოსახლეობის ნაცისტებისგან დაცვით ამართლებს და ამბობს, რომ რუსეთს ფაშიზმისგან იცავს.
უკრაინა და დასავლეთი ფაშიზმის საკუთხს უსაფუძვლო და მოგონილ ბრალდებად აფასებენ და ამბობენ, რომ პუტინი აწარმოებს არაპროვოცირებულ აგრესიულ და საოკუპაციო ომს სუვერენული მეზობლის წინააღმდეგ.
უკრაინაში რუსეთის ომი დიდ ჩრდილს მიაყენებს 9 მაისს დაგეგმილ ზეიმებს. რუსეთის შეჭრის შედეგად, უკრაინაში ათობით ათასი ადამიანი დაიღუპა, 10 მილიონზე მეტი კი დევნილი გახდა. ამასთან ერთად, რუსეთი დასავლეთის მხრიდან მკაცრი სანქციების სამიზნეა, რაც ქვეყნის ეკონომიკისთვის უდიდეს გამოწვევას წარმოადგენს.