ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს


შეერთებული შტატები საქართველოს რუსეთიდან მომავალი საფრთხისგან თავდაცვის გაძლიერების მიზნით 35 მილიონ დოლარს გამოუყოფს. ეს ამერიკის მხრიდან უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომის საპასუხოდ გამოყოფილი მორიგი სამხერდო დამხარების ნაწილი იქნება.

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი 25 აპრილს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის კიევში ეწვივნენ. ომის ზონაში იშვიათი ვიზიტის დროს, ამერიკის მინისტრთა კაბინეტის ორმა წამყვანმა მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები დამატებით 713 მილიონი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარების პაკეტს უკრაინის და 15 მოკავშირე და პარტნიორი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად გამოყოფს.

„ამერიკის ხმისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ წერილობით კომენტარში, სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ 713 მილიონი დოლარის ოდენობის უცხოური სამხედრო დაფინანსების (FMF) ფარგლებში 322 მილიონი დოლარი უკრაინის თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებას მოხმარდება. დანარჩენი თანხა კი ბაკლანეთისა და ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებზე განაწილდება.

მათ შორის არის საქართველოც.

„საქართველო მიიღებს $35 მილიონს, რაშიც შედის ბრიგადის საბრძოლო აღჭურვილობის კომპლექტი, უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო სისტემა, მოწინავე საველე არტილერიის ტაქტიკური მონაცემების სისტემა, მობილურობის შესაძლებლობები და კიბერ-თავდაცვა“, ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის პასუხში.

დიპლომატიური უწყების წარმომადგენელი ასევე აცხადებს, რომ სახელმწიფო დეპარტამენტმა კონგრესს ამ თანხის გამოყოფის შესახებ ცნობა 24 აპრილს გაუგზავნა. მისი მიზანია, „ნატოს მოკავშირეების დაეხმარება შეავსონ შესაძლებლობები, რომლებიც მათ უკრაინას უსასყიდლოდ გადასცეს საკუთარი მარაგებიდან, რათა ნატომ შეინარჩუნოს და გააძლიეროს შეკავების შესაძლებლობები. 322 მილიონი დოლარი ამ თანხიდან გამოყოფილია უკრაინისთვის და მიმართულია მისი შესაძლებლობების გასაძლერებლად რუსეთთან მიმდინარე ომში საკუთარი თავის დასაცავად“.

უკრაინისთვის გამოყოფილი თანხა მოხმარდება ინვესტიციას, რომელიც გააძლიერებს „შესაძლებლობების ფართო სპექტრს“. სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ ამაში შედის „არა-ნატოს სტანდარტის იარაღის სისტემები; უკრაინის შეიარაღებული ძალების დახმარება გადავიდნენ ნატოს გრძელი რადიუსის სისტემებზე, როგორიცაა საარტილერიო ცეცხლი; და საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობები“.

დანარჩენი ქვეყნები, რომლებიც ამერიკისგან თავდაცვის იარაღს, ტრეინინგსა და მომსახურებას მიიღებენ არიან ალბანეთი, ბულგარეთი, ხორვატია, ესტონეთი, ლატვია, ლიეტუვა, მოლდოვა, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია, რუმინეთი, ჩეხეთის რესპუბლიკა, სლოვაკეთი, სლოვენია და ბოსნია-ჰერცოგოვინა.

რუსეთის მიერ უკრაინაში ხელმეორე შეჭრიდან ორი თვის თავზე, კიევში ერთდროულად ჩასულმა ამერიკის სახელმწიფო მდივანმა და თავდაცვის მდივანმა ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე თქვეს, რომ ვაშინგტონი კიევს რუსეთთან ომის მოგებაში დაეხმარება.

„ის (პრეზიდენტი ზელენსკი) ფიქრობს, რომ მათ უნდა გაიმარჯვონ. ჩვენ კი გვსურს დავეხმაროთ მათ გამარჯვებაში“, თქვა თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა.

მისივე თქმით, „გამარჯვების პირველი ნაბიჯი არის ის რომ გჯეროდეს, რომ შეგიძლია გაიმარჯვო. ჩვენ გვჯერა, რომ მათ [უკრაინელებს] შეუძლიათ გაიმარჯვონ თუ მათ ექნებათ შესაბამისი აღჭურვილობა, შესაბამისი მხარდაჭერა და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რაც შეგვიძლია“, თქვა ამერიკის თავდაცვის მდივანმა.

XS
SM
MD
LG