საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სიტყვით მიმართა პოლონეთში გამართულ, დონორთა მაღალი დონის საერთაშორისო საქველმოქმედო კონფერენციას „უკრაინისთვის“. ირაკლი ღარიბაშვილმა შეხვედრაზე განაცხადა, რომ საქართველომ, უკრაინელი ლტოლვილების დახმარების მიზნით, 7 მილიონი დოლარი გამოყო და აგრძელებს რუსეთის მიმდინარე სამხედრო თავდასხმით დაზარალებული და ამჟამად საქართველოში მცხოვრები 28 000 უკრაინის მოქალაქის დახმარებას.
პრემიერმა შეხვედრაზე ისიც აღნიშნა, რომ საქართველო უკრაინაში ყველაზე მსხვილი ჰუმანიტარული დახმარების მიმწოდებელია მსოფლიოს 191 ქვეყანას შორის. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
"ჩემი მთავრობა დახმარებას უწევს დევნილებს უკრაინიდან, რა მიზნითაც უკრაინის მოქალაქეთათვის უზრუნველვყოფთ დაბინავებას, აუცილებელ პროდუქტებს, ტანსაცმელს, საკვებს, სამედიცინო დახმარებას, ასევე სკოლებისა და ბაღების ხელმისაწვდომობას. ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენი მოძმე ერის დახმარებას, რისთვისაც 2022 წლის ბოლომდე დამატებით გამოვყოფთ კიდევ 7 მილიონ აშშ დოლარს" - თქვა ღარიბაშვილმა.
პრემიერმა ხაზი გაუსვა საერთაშორისო საზოგადოების ერთიანი მხარდაჭერის აუცილებლობას უკრაინისთვის და უკრაინელ ხალხს მშვიდობა და კეთილდღეობა უსურვა. ღარიბაშვილის თქმით, საქართველო მტკიცედ დგას საერთაშორისო საზოგადოების გვერდით და სრულ სოლიდარობას უცხადებს უკრაინას, რაც მომავალშიც გაგრძელდება "როგორც პოლიტიკური, ისე პრაქტიკული კუთხით, ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში".
ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინაში რუსეთის "სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესია" დაგმო და განაცხადა: "ვგმობთ რუსეთის სრულმასშტაბიან სამხედრო აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ, რომელიც მკაფიოდ და უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლისა და გაეროს ქარტიის ფუნდამენტურ პრინციპებსა და ნორმებს. უკრაინაში ომის შედეგები განსაზღვრავს ევროპის უსაფრთხოების სამომავლო არქიტექტურას და საფუძველს უყრის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოს ჩვენს რეგიონში და მის საზღვრებს გარეთ".
----
მასალაში პრემიერის ციტატა, გადამოწმების შემდეგ, მოგვიანებით დაზუსტდა.
Facebook Forum