უკრაინამ განაცხადა, რომ პარასკევს დაიწყო ახალი ძალისხმევა მარიუპოლში „აზოვსტალის“ ქარხანაში ამ დრომდე ჩარჩენილი მშვიდობიანი მოქალაქეების ქალაქიდან გასაყვანად.
ერთი დღით ადრე რუსეთის ძალების მიერ წარმოებული დაბომბვებისა და ბრძოლის შედეგად მოსახლეობის ევაკუაცია ჩაიშალა. უკრაინა აცხადებს, რომ თავდასხმები გრძელდება, თუმცა ევაკუაციის პროცესის მაინც მიმდინარეობს.
"აზოვსტალიდან ჩვენი ხალხის ევაკუაციის პროცესის შემდეგი ეტაპი მიმდინარეობს ამ მომენტში, შედეგების შესახებ ინფორმაციას მოგვიანებით მოგაწვდით", - განაცხადა ანდრი იარმაკმა, უკრაინის პრეზიდენტის ადმინსტრაციის უფროსმა.
კრემლი აცხადებდა, რომ ცეცხლის შეწყვეტა პარასკევს დღისით მოხდებოდა. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კი ითხოვს, რომ ცეცხლის შეწყვეტა უფრო უნდა გახანგრძლივდეს, რათა "აზოვსტალიდან" მეტი მშვიდობიანი მოქალაქე გაიყვანონ. მან მოსახლეობას ხუთშაბათს მიმართა.
"დრო დასჭირდება მიწისქვეშა თავშესაფრებიდან და სარდაფებიდან ხალხის გამოყვანას. არსებულ პირობებში, ვერ გამოვიყენებთ მძიმე დანადგარებს, რომ მისასვლელები ნანგრევებისგან გავათავისუფლოთ. ეს ყველაფერი ხელით უნდა მოხდეს" - აცხადებს ზელენსკი.
მარიუპოლი, რომელიც სტრატეგიული პორტია აზოვის ზღვაზე, ორ თვეზე მეტია რუსეთის დაბომბვების სამიზნეა. ქალაქი ალყაშია მოქცეული და „აზოვსტალის“ მეტალურგიული ქარხანა ბოლო წერტილია, რომელსაც უკრაინელი მებრძოლები აქამდე აკონტროლებენ.
ამ დროისთვის ადგილზე დაახლოებით 200 მშვიდობიანი მოქალაქეა დარჩენილი. საწარმოდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციას გაერო და წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაცია ცდილობს.
კვირის დასაწყისში, გაეროს შუამავლობით მარიუპოლიდან ასობით მშვიდობიანი მოქალაქის ევაკუაცია მოხერხდა. ისინი ქარხნის გვირაბებისა და ბუნკერების ქსელს აფარებდნენ თავს. სამოქალაქო პირების ევაკუაცია უნდა გაგრძელებულიყო, მაგრამ რუსულმა ჯარმა ბრძოლები განაახლა, რის გამოც მოსახლეობის ევაკუაცია კვლავ შეწყდა.