30 ოქტომბერს, რუსეთის პრეზიდენტმა დასავლეთი და უკრაინა მათთან არეულობის გაღვივებაში დაადანაშაულა. ასეთი იყო ვლადიმირ პუტინის რეაქცია დაღესტანში მომხდარ ინციდენტზე, როცა ადგილობრივი მუსლიმები მაჰაჩყალის ეროპორტში შეიჭრნენ და თელ-ავივის რეისზე მყოფი ებრაელების "დაჭერა" სცადეს.
შეერთებულმა შტატებმა დაღესტნის დედაქალაქში მომხდარი არეულობა დაგმო. სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა თქვა, რომ ინციდენტი რუსულ "პოგრომს" წააგავდა.
უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა სააგენტო "როიტერს" უთხრა, რომ კიევს აღნიშნულ ძალადობასთან "საერთო არაფერი აქვს". რუს ებრაელთა ერთ-ერთი წამყვანი რაბინი კი ამბობს, რომ ინციდენტის მონაწილეები მკაცრად უნდა დაისაჯონ.
ასევე ნახეთ: კრემლი: დაღესტნის აეროპორტში ძალადობა "გარეშე გავლენის" შედეგიაპუტინმა განცხადებაში თქვა, რომ შეერთებული შტატების დღის წესრიგის მიხედვით, ის გლობალური ქაოსს ქმნის და სოციალური მედიის საშუალებით არეულობას აჩაღებს. მისი განცხადებით, ამით ვაშინგტონი ცდილობს საკუთარი დომინირება უზრუნველყოს და დაჩრდილოს ისეთი კონკურენტები, როგორიცაა რუსეთი.
უშიშროების ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე რუსეთის პრეზიდენტმა ასევე თქვა, რომ ამერიკის მხარდაჭრით მოქმედი ჩრდილოვანი ძალები ცდილობენ რუსეთის მრავალეთნიკური და მრავალკონფესიური საზოგადოების დესტაბილიზაციას და გახლეჩვას. „ამ მიზნით იყენებენ სხვადასხვა საშუალებებს, როგორც ვხედავთ – ტყუილს, პროვოკაციებს და ფსიქოლოგიური და საინფორმაციო აგრესიის დახვეწილ ტექნოლოგიებს... მაჰაჩყალაში განვითარებული მოვლენები ასევე შთაგონებული იყო სოციალური ქსელების საშუალებით, განსაკუთრებით უკრაინის ტერიტორიიდან, დასავლური სპეცსამსახურების აგენტების ხელით“ - აცხადებს ვლადიმირ პუტინი.
იმავე დღეს კრემლის პრესსპიკერმაც თქვა, რომ ანტიებრაულად განწყობილი ბრბოს აეროპორტში შეჭრა „გარეშე გავლენის“ შედეგი იყო. დმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ „კარგად არის ცნობილი და აშკარაა, რომ მაჰაჩყალის აეროპორტთან დაკავშირებული მოვლენები მეტწილად გარეშე გავლენის, მათ შორის, საინფორმაციო გავლენის შედეგია“. ანალოგიური განცხადება გააკეთა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ, მან მაშინვე უკრაინა დაადანაშაულა "პირდაპირ და მთავარ როლში", დაღესტანში მომზადებულ "პროვოკაციაში".