ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკამ „ჰამასის“ და ირანის რევოლუციური გვარდიის წევრების მიმართ დამატებითი სანქციები აამოქმედა


ხაზინის დეპარტამენტის შენობა ვაშინგტონში, აშშ
ხაზინის დეპარტამენტის შენობა ვაშინგტონში, აშშ

ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინის დეპარტამენტი პალესტინელთა დაჯგუფება „ჰამასის“ და მასთან დაკავშირებული პირების მიმართ სანქციების დაწესებას აგრძელებს. დღეს ვაშინგტონმა სანქციების ახალ რაუნდში შეიყვანა „ჰამასის“ და ირანის რევოლუციური გვარდიის წევრები.

ხაზინის დეპარტამენტის ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ საქნციების ახალ რაუნდში მოხვდნენ ის პირებს, რომლებიც სანქციების გვერდის ავლაში ეხმარებოდნენ უკვე სანქცირებულ ინდივიდებს.

„არ მოვერდიდებით ზომების მიღებას, რომლებიც კიდევ უფრო შეამცირებს ჰამასის შესაძლებლობას, განახორციელოს საშინელი ტერორისტული თავდასხმები“,- აცხადებს ამერიკის ხაზინის დეპარტამენტის მდივნის მოადგილე უოლი ადეემო. მისი თქმით, სანქციების მიზანია დაჯგუფება „ჰამასის“ მებრძოლებმა იერიშებისთვის ვერ შეძლონ საერთაშორისო ფინანსური სისტემის გამოყენება. წლების დაკვირვება აჩვენებს, რომ „ჰამასი“ დაფინანსებას ირანისგან იღებს.

ეს სანქციების მეორე პაკეტია, რომელიც ვაშინგტონმა მას შემდეგ აამოქმედა, რაც „ჰამასის“ მებრძოლებმა 7 ოქტომბერს, ისრაელზე იერიში მიიტანეს, რომელსაც 1400-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. თავდასხმის განმავლობაში „ჰამასის“ მებრძოლებმა 200-ზე მეტი მოქალაქე გაიტაცეს, მათ შორის ამერიკის მოქალაქეებიც, რომელთა ადგილსამყოფელი ახლა უცნობია. 3 კვირის განმავლობაში მხოლოდ 4 მძევლის გათავისუფლება მოხერხდა.

„ჰამასის“ ერთ-ერთი მაღალი რანგის პირი, აბუ ჰამიდი, რომელიც ორგნიზაციის სხვა წევრებთან ერთად რუსეთში იმყოფება, ამბობს, რომ მძევლების გასათავისუფლებლად ცეცხლის შეწყვეტა და მშვიდობიანი გარემოს შექმნაა აუცილებელი.

ისრაელმა 8 ოქტომბრიდან საპასუხო საჰაერო იერიშებში და სახმელეთო რეიდები დაიწყო. ღაზის სექტორის ჯანდაცვის ოფიციალური პირების ბოლო განცხადებით, დაღუპულთა რიცხვი 7000-ს აღწევს. ღაზის სექტორს პალესტინელთა ისლამისტური დაჯგუფება "ჰამასი" აკონტროლებს.

ამერიკის შეერთებული შტატები და ბევრი სხვა ქვეყანა „ჰამასს“ ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს. 7 ოქტომბერს ისრაელზე მიტანილ იერიშს კი ქვეყნების ნაწილი ტერორიზმის კვალიფიკაციას აძლევს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG