პორტლენდში დემონსტრანტებს და ფედერალურ ძალებს შორის შეტაკებები გრძელდება

პოლიციამ პორტლენდში ცრემლსადენი გაზი გამოიყენა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ, რომლებიც პოლიციის ძალადობას და რასობრივ უთანასწორობას აპროტესტებენ. დემონსტრანტებთან ერთად, ადგილზე ქალაქ პორტლენდის მერი, ტედ უილერიც იმყოფებოდა. მერმა, ფედერალური მთავრობის ძალებს მოუწოდა, ქალაქი დატოვონ.

ასევე ნახეთ: პორტლენდის პოლიციის შეფი საპროტესტო აქციების შემდეგ გადადგა

დემონსტრანტები მერს შეძახილებით „გრცხვენოდეს“ შეხვდნენ. აქციის მონაწილეების ნაწილი ფიქრობს, რომ უილერს, რომელიც ასევე ქალაქის პოლიციის კომისარია, მეტი უნდა გაეკეთებინა პორტლენდის მოქალაქეების დასაცავად.

4 ივლისს, ფედერალური ძალების განლაგებას პორტლენდში, დებატები მოჰყვა სამოქალაქო უფლებების გარშემო. დემონსტრაციები ქალაქში მას შემდეგ იმართება, რაც 25 მაისს შავკანიანი მამაკაცი ჯორჯ ფლოიდი პოლიციის მიერ დაკავებისას გარდაიცვალა. პოლიციელი პირქვე დაწვენილ და ხელებგაკავებულ ეჭვმიტანილს კისრის არეში მუხლს აბჯენდა თითქმის 9 წუთის განმავლობაში.

პორლანდის მერი

ქალაქის მერი აცხადებს, რომ ფედერალური სამსახურის გაგზავნა ადგილზე სიტუაციას კიდევ უფრო ძაბავს და ვაშინგტონის უხეშ ჩარევას წარმოადგენს ქალაქის თვითმმართველობის კომპეტენციაში. მას შემდეგ რაც სასამართლოს შენობის წინ, დემონსტრანტებმა ნაგვის ყუთებს ცეცხლი წაუკიდეს, ფედერალურმა აგენტებმა ცრემლსადენი გაზი და წიწაკის აეროზოლი გამოიყენეს, ტერიტორიის გასაწმენდად.

ასევე ნახეთ: პოლიციის რეფორმა - ნიუ-იორკში კრიმინალი რეკორდულ მაჩვენებელზეა 

დემონსტრანტები და ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლები ამ ნაბიჯს განიხილავენ როგორც პრეზიდენტ ტრამპის პოლიტიკურ გადაწვეტილებას წინასაარჩევნო მარათონის ფონზე და მისი „კანონის და წესრიგის“ კამპანიის ნაწილს.

უკვე რამდენიმე კვირაა, რაც დემონსტრანტები ორეგონის შტატის ამ ქალაქში, პოლიციელებს უპირისპირდებიან.

ასევე ნახეთ: ტრამპი ამერიკის ქალაქებში ძალადობის შესამცირებლად ფედერალურ ძალებს გზავნის