შეერთებული შტატების ფედერალური სამართალდამცველები რამდენიმე ქალაქში იგზავნებიან. მათი მიზანი, ქვეყნის მასშტაბით, მომატებული მკვლელობების და მძიმე დანაშაულების შემცირებაა.
„ეს სისხლისღვრა უნდა შეწყდეს. სისხლისღვრა შეწყდება,“ თქვა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ოთხშაბათს. ეს ნაბიჯი „ოპერაცია ლეგენდის“ ნაწილია.
ფედერალური ოფიცრების შტატებში გაგზავნა ორი კვირის წინ დაიწყო, როცა პრეზიდენტმა სამართალდამცავები მისურის შტატის ქალაქ კანზასში გააგზავნა. დღემდე მათ, დაახლოებით, 200 ადამიანი დააკავეს. ამერიკის გენერალურმა პროკურორმა უილიამ ბარმა განაცხადა, რომ ოპერაცია სხვა შტატებშიც ჩატარდება და ფედერალური კონტინგენტი ნიუ-მექსიკოს დედაქალაქ ალბაკურკიში და ილინოისის შტატის ქალაქ ჩიკაგოშიც გაიგზავნება.
ჩიკაგოში დაახლოებით 200 ძალოვანი გაიგზავნება. იგივე რაოდენობის ოფიცერთა დისლოცირება მოხდა კანზასში, ხოლო ალბაკურკიში 35 ოფიცერი გაიგზავნა.
„დახმარება გზაშია,“ უთხრა ტრამპმა ჩიკაგოს მოსახლეობას.
ჩიკაგოს მერი ლორი ლაიტფუტი პრეზიდენტის გადაწყვეტილებას აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ტრამპის მხრიდან ეს ყურადღების გადატანის მცდელობაა იმ ჩავარდნებიდან, რომლებიც პრეზიდენტს კოვიდ-19-ის პანდემიის მართვაში აქვს.
ტრამპმა მის განცხადებას „პოლიტიკური ფინტი“ უწოდა.
სამშაბათ საღამოს ჩიკაგოში ბანდებს შორის მორიგი შეიარაღებული დაპირისპირება მოხდა, რომლის დროსაც 15 ადამიანი დაიჭრა, მათ შორის, 3 წლის ბავშვი.
ივლისში ფედერალური ოფიცრები ორეგონის შტატის ქალაქ პორტლენდშიც გააგზავნეს, რათა იქ რასიზმის წინააღმდეგ მიმდინარე ქაოტური გამოსვლები ჩაეწყნარებინათ. დემონსტრანტების წინააღმდეგ პორტლანდში ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს და პირველი ორი კვირის მანძილზე 40-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.
ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი თვლის, რომ სამართალდამცავების მხრიდან ძალის გადამეტებას ჰქონდა ადგილი. ქალაქ პორტლენდის მერი და შტატის მთავრობა ფედერალური ძალების გაწვევას განიხილავენ, აცხადებენ რა, რომ მათ გამო, შტატში შექმნილი დაძაბული სიტუაციის და ძალადობის კიდევ უფრო მეტი ესკალაცია მოხდა.
შტატის ლიდერების, დემონსტრაციის მონაწილეების და მთავრობის საწინააღმდეგო ჯგუფების გამოსვლა აჩვენებს, რომ ადგილობრივი მთავრობა სიტუაციას ვაშინგტონისგან სრულიად განსხვავებულად აღიქვამს. ფედერალური ინტერვენცია ხშირად პარტიული მიკუთვნების ჭრილიდან აღიქმება. 3 ნოემბრის არჩევნების მოახლოება კი მხარეებს შორის დაპირისპირებას კიდევ უფრო აღრმავებს.
Facebook Forum