რუთ ბეიდერ გინსბურგი შეერთებული შტატების უზენაეს სასამართლოში ყველაზე ხანდაზმული მოსამართლეა. ის უმაღლეს სასამართლოში 1993 წელს დემოკრატმა პრეზიდენტმა ბილ კლინტონმა წარადგინა. 87 წლის გინსბურგი კოლეგებს შორის ყველაზე ლიბერალური შეხედულებებით გამოირჩევა და ქვეყნის უმაღლეს სასამართლოში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი სტაჟის მქონე მოსამართლეა.
გასულ პარასკევს, მოსამართლე გინსბურგმა კიდევ ერთხელ ააფორიაქა ამერიკის ლიბერალურად განწყობილი ნაწილი. გაირკვა, რომ ქალს, რომელმაც კიბოს დამარცხება ოთხჯერ შეძლო, ღვიძლში მეტასტაზი უპოვეს და ის მაისის შემდეგ, კვლავ ქიმიური თერაპიის კურსს იტარებს.
გინსბურგი, რომელსაც ხშირად ინიციალებით RBG მოიხსენიებენ, პენსიაზე გასვლას ჯერ არ გეგმავს. მაგრამ, დემოკრატები შიშობენ, რომ ჯანმრთელობის გაუარესების შემთხვევაში, პრეზიდენტ დონალდ ტრამპს 9-დან კიდევ ერთი ვაკანსიის შევსების საშუალება მიეცემა.
დღეს "ყველა ყოველდღიურად ამოწმებს ტელეფონს მოსამართლე გინსბურგის ჯანმრთელობის მდგომარეობის გასარკვევად", ამბობს რასელ უილერი, ბრუკინგსის ინსტიტუტის მკვლევარი. ის წარსულში იუსტიციის ფედერალური ცენტრის დირექტორის მოადგილე იყო, იუსტიციის დეპარტამენტის კვლევითი ნაწილის.
პრეზიდენტი ტრამპი უზენაეს სასამართლოში ვაკანსიის გამოჩენის შემთხვევაში, პოსტზე კვლავ კონსერვატორ მოსამართლეს წარადგენს. ეს კი ამერიკის უმაღლეს სასამართლოს კიდევ უფრო მემარჯვენე მიმართულებას მისცემს.
9 უზენაეს მოსამართლეს შორის, დღეს 5 კონსერვატორია და 4 ლიბერალი. დონალდ ტრამპმა, პრეზიდენტის პოსტზე ყოფნის 3.5 წლის მანძილზე, უკვე ორი მოსამართლის დამტკიცებას მიაღწია. ესენი არიან ნილ გორსაჩი და ბრეტ კავანა, რომელთა დამტკიცებას რესპუბლიკელები ამერიკის 45-ე პრეზიდენტის ერთ-ერთ მთავარ მიღწევად თვლიან.
მართალია, სასამართლომ რამდენიმე გადაწყვეტილება ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკის წინააღმდეგ მიიღო, მაგრამ ზოგადად, უზენაესი სასამართლოს გრავიტაციის იდეოლოგიური ცენტრი დღეს კონსერვატიზმისკენაა გადახრილი. და როგორც ეს ხშირად ხდება უმაღლესი სასამართლოს შემთხვევაში, ვითარება შეიძლება ათწლეულების მანძილზე ასევე შენარჩუნდეს.
Facebook Forum