ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტსა და დედაქალაქის მერს შორის ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში განცხადებების ომი მიმდინარეობს. ვაშინგტონის მერი პრეზიდენტს და ფედერალურ მთავრობას ქალაქის საქმეებში უხეშ ჩარევაში ადანაშაულებს.
ვაშინგტონის მერმა, პრეზიდენტს ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში 3 წერილი მისწერა, სადაც ის პრეზიდენტს მოუწოდებდა გაეყვანა ეროვნული გვარდია დედაქალაქის ქუჩებიდან.
"ჩემი და ქალაქის სამსახურების მოთხოვნის მიუხედავად გაირკვა, რომ ვაშინგტონში იმყოფებიან ეროვნული გვარდიის წარმომადგენლები ნიუ-ჯერსიდან და სხვა შტატებიდან. მოგიწოდებთ გაიყვანოთ ეროვნული გვარდიის ჯარისკაცები დედაქალაქიდან. ქალაქის პოლიცია, დამატებით შენაერთებთან ერთად, ვითარებას აკონტროლებს"- წერს ვაშინგტონის მერი ერთ-ერთ წერილში.
პრეზიდენტის მიმართ გაკეთებული განცხადების შემდეგ, ვაშინგტონის მერმა სოციალურ ქსელ "ტვიტერზე" გამოაქვეყნა რამდენიმე განცხადება, სადაც ის ნიუ-ჯერსის, ოჰაიოს და სხვა შტატების გუბერნატორებს მოუწოდებდა გაეყვანათ მათი ეროვნული გვარდიის სამხედროები დედაქალაქიდან.
რამდენიმე წერილის პასუხად, პრეზიდენტმა ტრამპმა "ტვიტერზე" გაცნხადება გაავრცელა, სადაც დედაქალაქის მერს კომპეტენციას უწუნებს.
"ვაშინგტონის მერი უხეშად არაკომპეტენტურია. მას არ აქვს საკმარისი კვალიფიკაცია იმისთვის, რომ მართოს ისეთი მნიშვნელოვანი ქალაქი, როგორიც ვაშინგტონია"- წერს პრეზიდენტი ტრამპი.
პრეზიდენტის ამ განცხადებამდე, ვაშინგტონის მერის გადაწყვეტილებით, თეთრი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე 16-ე ქუჩის ნაწილს სახელი გადაერქვა და მას "შავების სიცოცხლე მნიშვნელოვანია პლაზა" დაერქვა. პრეზიდენტ ტრამპს ამის შესახებ განცხადება არ გაუკეთებია.
ვაშინგტონის მერის გადაწყვეტილებით, გასული ორი ღამის განმავლობაში დედაქალაქში საგანგებო მდგომარეობა გაუქმებული იყო, აქციები კი მშვიდობიან ჩარჩოებში შენარჩუნდა. დღეს და ხვალ ვაშინგტონში მასშტაბურ დემონსტრაციებია დაგეგმილი. მსვლელობა ვაშინგტონის ქუჩებში უკვე დაიწყო. დილიდან ქალაქის ქუჩების დიდი ნაწილი გადაკეტილია, აქციის მონაწილეები ლინკოლნის მემორიალთან და კაპიტოლიუმთან იმყოფებოდნენ. პარალელურად აქცია გრძელდება თეთრ სახლთანაც.
თეთრი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე უკვე გამოჩნდდა ეროვნული გვარდიაც. ისინი ვითარებას ადგილობრივი ქალაქის პოლიციასთან ერთად აკონტროლებენ. დედაქალაქში, ამ დრომდე, რაიმე სახის ინციდენტი არ დაფიქსირებულა.
Facebook Forum