პოლონეთმა ვარშავისთვის ბრძოლის და საბჭოთა კავშირზე გამარჯვების 103-ე წელი სამხედრო აღლუმით აღნიშნა. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ამ მასშტაბის აღლუმი პოლონეთში ცივი ომის შემდეგ არ გამართულა. მათი ნაწილი ფიქრობს, რომ პოლონეთის მთავრობამ კრემლს ამით ნათელი სიგნალი გაუგზავნა და აჩვენა სამხედრო ძალა.
„ახლა შესანიშნავი დღეა ჩვენი ძალის ჩვენებისთვის, იმის დასანახად, რომ ჩვენ შევქმენით ძლიერი შეიარაღებული ძალები, რომლებიც ეფექტურად დაიცავს ჩვენს საზღვრებს უყოყმანოდ“, - ამბობს პოლონეთის თავდაცვის მინისტრი.
ვარშავაში გამართულ სამხედრო აღლუმში 2 000 სამხედრო მოსამსახურე ღებულობდა მონაწილეობას, მათ შორის იყვნენ ნატოს წევრი სხვა ქვეყნების სამხედრო მოსამსახურებიც. პოლონეთის დედაქალაქში გამართულ აღლუმში გამოყენებული იყო 200 ერთეული სამხედრო ტექნიკა და 92 თვითმფრინავი, მათ შორის იყო „შავი ქორი“ „ეფ16“ „ეფეი50ეს“, "ემ1ეი1 აბრამსის" ტანკები, "ჰაიმარსები" და ბევრი სხვა.
„15 აგვისტო არ არის მხოლოდ შესაძლებლობა, რომ პატივი მივაგოთ ვარშავისთვის ბრძოლაში გამარჯვებულ გმირებს, არამედ ეს არის შესაძლებლობა მადლობა გადავუხადოთ მოქმედ სამხედროებსაც, რომლებიც იცავენ ჩვენს სამშობლოს“,- თქვა პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა მარიუშ ბლაშჩაკმა.
2015 წლიდან პოლონეთს ნაციონალისტური პარტია "კანონი და სამართლიანობა" მართავს. პარტიის ლიდერებმა ხელისუფლებაში მოსვლამდე პირობა დადო, რომ გააორმაგებლა არმიის რაოდენობას და მთლიანი შიდა პროდუქტის 4%-ს თავდაცვითი შესაძლებლობების გაზრდას მოახმარდა.
„ბოლო რვა წელი იყო პოლონეთის არმიის აღდგენის დრო“,- თქვა აღლუმის მიმდინარეობისას ქვეყნის პრეზიდენტმა ანჟეი დუდამ და აღნიშნა, რომ 2015 წლამდე ქვეყანა საპირისპირო მიმართულებით მიდიოდა და შეიარაღებული ძალების რაოდენობა მცირდებოდა.
გაკეთებული განცხადებების ფონზე ანალიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ აღლუმი პოლონეთში მოახლოებულ არჩევნებსაც უკავშირდება და ეს იყო გზავნილი ოპონენტებისთვის. ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები კი მთავრობას სამხედროების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებაში ადანაშაულებენ.
„გისურვებთ თქვენ [სამხედროებს] აღარასდროს მოგიწიოთ იყოთ გამოყენებული პოლიტიკურ სიძულვილში", - წერს მარსინ კიერვინსკი, ლიბერალური ოპოზიციური პარტიის სამოქალაქო პლატფორმის დეპუტატი სოციალურ ქსელ "იქსზე", რომელიც აქამდე "ტვიტერის" სახელით იყო ცნობილი.