გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში დაგეგმილი მისი ერთკვირიანი ვიზიტი გადაიდო. მიზეზი სამთავრობო თვითმფრინავის განმეორებითი ტექნიკური პრობლემაა.
„ჩვენ ყველაფერი ვცადეთ. სამწუხაროდ, ლოგისტიკურად შეუძლებელია ჩემი ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში ვიზიტის გაგრძელება. ეს უფრო მეტია, ვიდრე შემაშფოთებელი“ - დაწერა ბაერბოკმა „ტვიტერზე“.
ორშაბათს, თვითმფრინავმა აბუ-დაბიდან გამგზავრება ორჯერ სცადა, თუმცა უსაფრთხოების მიზეზებით, იძულებული გახდა უკან დაბრუნებულიყო. გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თვითმფრინავს ტექნიკური პრობლემა ფრთაზე აქვს.
ბაერბოკი ავსტრალიაში, ახალ ზელანდიასა და ფიჯიში უნდა გამგზავრებულიყო.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს, ოფიციალური ვიზიტის გაუქმება ასევე მოუწია გასულ წელს. ბრიტანეთში გამგზავრება და კოლეგასთან შეხვედრა მან ცუდი ამინდის გამო ვერ შეძლო.
მსგავსი შემთხვევა მოხდა 2018 წელსა, როცა იმჟამინდელი კანცლერი, ანგელა მერკელი იძულებული გახდა დიდი ოცეულის სამიტის გახსნა გამოეტოვებინა. მიზეზად „სერიოზული გაუმართაობა“ დასახელდა, რის გამოც, გერმანიის სამთავრობო თვითმფრინავის იძულებითი დაშვება გახდა აუცილებელი.