ნიუ-იორკის სასამართლოსთან, სადაც ტრამპის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, მამაკაცმა თავი დაიწვა

უცნობმა მამაკაცმა, პარასკევს, ნიუ-იორკის სასამართლო შენობის წინ, სადაც დონალდ ტრამპის ისტორიული სასამართლო პროცესი მიმდინარეობდა, თავი დაიწვა.

შემთხვევის ადგილზე მყოფმა თვითმხილველმა თქვა, რომ მან ჯერ გაიგონა, როგორ ისროდა მამაკაცი ჰაერში ბროშურებს, შემდეგ კი დაინახა, რომ ცეცხლი წაიკიდა.

მოწმემ, რომელმაც უარი თქვა სახელის დასახელებაზე, თქვა, რომ მამაკაცს რამდენიმე წუთის განმავლობაში ჰქონდა ცეცხლი წაკიდებული.

ასევე ნახეთ: დონალდ ტრამპის სისხლის სამართლის საქმეზე ერთმა მსაჯულმა აცილება მოითხოვა

CNN-ის ჟურნალისტების თქმით, მათ დაინახეს მამაკაცი, რომელიც ცეცხლში იყო გახვეული, 3 წუთზე მეტი ხნის განმავლობაში. "მე ვხედავ სრულიად დანახშირებულ ადამიანს", - თქვა ერთ-ერთმა მათგანმა პირდაპირ ეთერში.

შოკისმომგვრელი მოვლენა მას შემდეგ მოხდა, რაც სასამართლოს შენობაში ტრამპის სასამართლოსთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევის პროცესი დასრულდა. ნაფიც მსაჯულთა შერჩევამ გზა გაუხსნა პროკურორებსა და ადვოკატებს, რომ მომავალ კვირას ჩანიშნულ სხდომაზე პირველი განცხადებები გააკეთონ. საუბარია დონალდ ტრამპის მიერ, სიჩუმის სანაცვლოდ, პორნოვარსკვლავისთვის სავარაუდოდ გადახდილ თანხაზე.

უფრო კონკრეტულად კი, ტრამპს ბრალად ედება 130,000 დოლარის გადახდის დაფარვა, რომელიც მისმა ყოფილმა ადვოკატმა მაიკლ კოენმა, 2016 წლის არჩევნების წინ გადაუხადა პორნოვარსკვლავ სტორმი დენიელსს, რათა გაჩუმებულიყო სექსუალური სახის შეხვედრის შესახებ, რომელიც, მისი თქმით, მათ ათი წლის წინ ჰქონდათ.

ტრამპი ბრალდებას და პორნოვარსკვლავთან შეხვედრას უარყოფს. ყოფილი პრეზიდენტის მსჯავრდებულად გამოცხადება მას სახელმწიფო თანამდებობის დაკავებას არ უკრძალავს.

მომავალ კვირას, 12 ნაფიცი მსაჯული, ექვს შემცვლელთან ერთად, განიხილავს მტკიცებულებებს პირველად სასამართლო პროცესზე, რათა დადგინდეს, არის თუ არა დამნაშავე ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი კანონის დარღვევაში.

ნაფიც მსაჯულთა შორის შვიდი მამაკაცი და ხუთი ქალია. მათგან ორი კორპორატიული იურისტი, პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერი, ლოგოპედი და ინგლისური ენის მასწავლებელია. მსაჯულთა უმეტესობა არ არის ნიუ-იორკელი, წარმოშობით კი შეერთებული შტატებიდან და ისეთი ქვეყნებიდან არიან, როგორიცაა ირლანდია და ლიბანი.

მანჰეტენის სასამართლოს შენობას მკაცრად იცავს პოლიცია. ორშაბათს, სასამართლო პროცესის პირველ დღეს, შენობის წინ მომიტინგეების და დაინტერესებული პირების დიდი რაოდენობა შეიკრიბა, თუმცა მას შემდეგ ხალხმრავლობა შემცირდა.

"როიტერის" მიერ მოძიებული მოწმის თქმით, ინციდენტიდან მალევე, მოედანზე კვამლის სუნი დადგა. თვითმხილველის თქმით, ცეცხლწაკიდებული მამაკაცის დახმარება პოლიციელმა ცეცხლმაქრით სცადა.