ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პირველად აშშ-ის ისტორიაში - ყოფილი პრეზიდენტი სისხლის სამართლის სასამართლოს წინაშე წარსდგა


დონალდ ტრამპი გახდა პირველი ყოფილი ამერიკელი პრეზიდენტი, რომელიც სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოს წინაშე წარსდგა. აშშ-ის 45-ე პრეზიდენტი, ორშაბათს, პორნომსახიობისთვის გაჩუმების სანაცვლოდ ფულის გადახდის საქმეზე წარდგენილ ბრალდებებზე საპასუხოდ, მანჰეტენის სასამართლოში გამოცხადდა.

77 წლის დონალდ ტრამპი ვალდებულია დაესწროს სასამართლო სხდომებს, რომელიც, სავარაუდოდ, მაისამდე გაგრძელდება. მოსალოდნელია, რომ მანჰეტენის მცხოვრებლებიდან 12 ნაფიცი მსაჯულის და 6 ალტერნატიული კანდიდატის შერჩევას, დაახლოებით, ერთი კვირა დასჭირდება, რის შემდეგაც მოწმეების ჩვენებებს მოისმენენ.

პირველივე წუთებში, მოსამართლენ უარყო ტრამპის მეორე მცდელობა, მოსამართლეს საქმიდან თავი აერიდებინა იმის საფუძველზე, რომ მისი ქალიშვილი საკონსულტაციო ფირმაში მუშაობს, რომელიც დემოკრატ კლიენტებს ემსახურება. დაცვის მხარე მიიჩნევს, რომ ეს ინტერესთა კონფლიქტს წარმოადგენს.

ნიუ-იორკის შტატის პროკურორები მას ბრალს სდებენ, რომ გააყალბა ჩანაწერები, რათა 2016 წლის საპრეზიდენტო კამპანიის ბოლოსთვის, პორნომსახიობისთვის სიჩუმის სანაცვლოდ გადახდილი 130,000 დოლარი დაემალა. პორნომსახიობი სტორმი დენიელსი (ნამდვილი სახელი სტეფანი კლიფორდი) აცხადებდა, რომ 2006 წელს, ტრამპთან სქესობრივი კონტაქტი ჰქონდა.

ტრამპმა პორნომსახიობთნ ნებისმიერი ასეთი სახის ურთიერთობა უარყო. გასულ წელს, მან თავი უდანაშაულოდ გამოაცხადა საქმიანი ჩანაწერების გაყალბების 34 ეპიზოდში. ის საქმე, ნიუ-იორკის შტატის სასამართლოში, მანჰეტენის საოლქო პროკურორმა, ალვინ ბრაგმა წარადგინა.

სასამართლოს შენობას პოლიცია იცავდა, ტრამპის ავტოკოლონას კი შვეულმფრენები აცილებდნენ. რამდენიმე დემონსტრანტი, ქუჩის მოპირდაპირე მხარეს, ტრამპის საწინააღმდეგო პლაკატებით იდგა.

მიუხედავად იმისა, რომ იურიდიული დარგის ზოგიერთი ექსპერტის აზრით, ტრამპის წინააღმდეგ წამოწყებული სისხლის სამართლის ოთხი საქმიდან, ეს საქმე ყველაზე ნაკლებად მნიშვნელოვანია, ეს არის ერთადერთი საქმე, რომელზე სასამართლო სხდომებიც, 5 ნოემბრის არჩევნებამდე გარანტირებულად ჩატარდება.

ტრამპმა თავი უდანაშაულოდ გამოაცხადა. თუ მსჯავრს დასდებენ, მას თანამდებობის დაკავება მაინც შეეძლება. მაგრამ, „როიტერ/იპსოსის“ გამოკითხვა აჩვენებს, რომ გამამტყუნებელ განაჩენს მისი პერსპექტივის დაბრკოლება შეეძლება.

XS
SM
MD
LG