ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპი უზენაეს სასამართლოს ყოფილი პრეზიდენტებისთვის "აბსოლუტურ იმუნიტეტს" სთხოვს


სამშაბათს დონალდ ტრამპმა 2020 წლის არჩევნების შედეგების შეცვლის მცდელობაზე კრიმინალური იმუნიტეტის მიღების სურვილით, შეერთებული შტატების უზენაეს სასამართლოში წერილი შეიტანა. ტრამპი ირწმუნება, რომ ყოფილ პრეზიდენტს „თავის ოფიციალურ ქმედებებზე კრიმინალური სასამართლო დევნისგან აბსოლუტური იმუნიტეტი იცავს“.

საქმე 25 აპრილს უნდა განიხილონ. ტრამპმა ქვედა ინსტანციის სასამართლოს უარი სააპელაციო წესით გაასაჩივრა. ყოფილმა პრეზიდენტმა მოითხოვა იმუნიტეტი იმ კრიმინალურ საქმეზე, რომელსაც საგანგებო პროკურორი ჯეკ სმიტი იძიებს. თხოვნა ეფუძნება გარემოებას, რომ მისი ქმედებები, რომელიც საქმის საფუძველს წარმოადგენს, მისი პრეზიდენტობისას მოხდა.

ეს წერილი ყურადღებას მიაპყრობს იმ არგუმენტებს, რომელიც ტრამპის ადვოკატებმა ადრეც გამოიყენეს და იმეორებს განცხადებებს, რომელიც ტრამპმა საპრეზიდენტო საარჩევნო კამპანიის დროს გააკეთა.

სასამართლოში წარდგენილ წერილში ნათქვამია: „პრეზიდენტს არ შეუძლია მოქმედება და თავად პრეზიდენტის ინსტიტუტს არ შეუძლია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დამოუკიდებლობის შენარჩუნება, თუ თანამდებობის დატოვების შემდეგ, პრეზიდენტი თავისი ოფიციალური ქმედებებისთვის კრიმინალური სამართლებრივი დევნის წინაშე აღმოჩნდება“.

საგანგებო პროკურორი სმიტი, გენერალურმა პროკურორმა მერიკ გარლანდმა 2022 წლის ნოემბერში დანიშნა. 2023 წლის აგვისტოში სმიტმა ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ საქმე ოთხი კრიმინალური ეპიზოდით აღძრა. თებერვალში კი სმიტმა სასამართლოს პრეზიდენტის იმუნიტეტის საწინააღმდეგო საქმე წარუდგინა.

XS
SM
MD
LG