ხუთშაბათს, ნიუ-იორკის შტატის მიერ დონალდ ტრამპის წინააღმდეგ წამოწყებული სისხლის სამართლის საქმის მოსამართლემ განაცხადა, რომ ერთ-ერთი ნაფიცი მსაჯული ვალდებულებიდან გაათავისუფლეს მას შემდეგ, რაც მან თქვა, რომ მისი ვინაობის ზოგიერთი ასპექტის გასაჯაროების შემდეგ, თავს დაშინებულად გრძნობდა.
მსაჯულმა სასამართლოს უთხრა, რომ მას ოჯახის წევრები, მეგობრები და კოლეგები დაუკავშირდნენ, რადგან პრესაში გამოქვეყნებული ცნობების ანალიზის მეშვეობით, ნაფიც მსაჯულთა კოლეგიაში მისი მონაწილეობის შესახებ შეიტყვეს.
„არ მჯერა, რომ შემიძლია, ამ დროისთვის, სამართლიანი და მიუკერძოებელი ვიყო და გარეშე გავლენებს ნება არ მივცე, სასამართლოს დარბაზში ჩემს გადაწყვეტილებებზე გავლენა იქონიოს“, თქვა მსაჯულმა, რომელიც კვირის დასაწყისში შერჩეული 7 მსაჯულიდან ერთ-ერთი იყო.
მსაჯულის დათხოვნის შემდეგ, მოსამართლე ხუან მერჩანმა თქვა: „ჩვენ ამ წამს დავკარგეთ ის, ვინც შესაძლოა ძალიან კარგი ნაფიცი მსაჯული ყოფილიყო.“ მან პრესის წარმომადგენლებს მიუთითა თავი შეიკავონ პოტენციური მსაჯულების პასუხების გასაჯაროებისგან, რაც მათ სამსახურს შეეხება.
ექვსი მსაჯული რჩება.
მიმომხილველთა მოსაზრებით, მოსამართლის ამ გადაწყვეტილებამ ხაზი გაუსვა უჩვეულო წნეხს, რომელიც ისტორიაში პირველად, ამერიკის ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის გარშემო არსებობს.
ტრამპმა გააკრიტიკა მოწმეები, საქმეში ჩართული სასამართლოს ოფიციალური პირები და მათი ნათესავები, რამაც მოსამართლე ხუან მერჩანს უკარნახა, ყოფილი პრეზიდენტისთვის კომენტარების გაკეთების ნაწილობრივი შეზღუდვის ორდერი გამოეცა.
პროკურორმა ქრისტოფერ კონროიმ თქვა, რომ ტრამპმა „სიჩუმის“ ორდერი დაარღვია, როდესაც ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა შეტყობინება, თავის ყოფილ ადვოკატ და ბრალდების შესაძლო მთავარ მოწმე, მაიკლ კოენის შესახებ. 17 აპრილს მან ასევე გამოაქვეყნა შეტყობინება, რომელშიც თქვა რომ ფარული ლიბერალი აქტივისტები, ნაფიც მსაჯულთა კოლეგიაში მოსახვედრად მოსამართლეს ატყუებდნენ.
ხუთშაბათს ადვოკატები გააგრძელებენ მსაჯულთა შერჩევას, რათა სასამართლოზე, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებამდე სულ რამდენიმე თვით ადრე ჩატარდება, ტრამპის საქმეზე გადაწყვეტილება მიიღონ.