ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მას სჯერა, რომ აბორტის შეზღუდვა, შტატების გადასაწყვეტი საკითხია. 8 აპრილს გამოქვეყნებულ ვიდეოში, მან უარი თქვა ეროვნული აკრძალვის მხარდაჭერაზე თვეების მანძილზე სხვადასხვა გზავნილების და სპეკულაციების შემდეგ.
„ბევრმა ადამიანმა მკითხა, როგორია ჩემი პოზიცია აბორტისა და აბორტის უფლებებთან დაკავშირებით“, - თქვა ტრამპმა თავის “ტრუთ სოშიალ” ვებსაიტზე გამოქვეყნებულ ვიდეოში. “ჩვენ გვაქვს აბორტი იქ, სადაც ყველას სურდა ეს იურიდიული თვალსაზრისით. [ამას] შტატები განსაზღვრავენ კენჭისყრით ან კანონმდებლობით ან შესაძლოა ორივე გზით. და რასაც ისინი გადაწყვეტენ, ეს უნდა იყოს კანონი - ამ შემთხვევაში, შტატის კანონი”.
ტრამპს, ვიდეოში, არ უთქვამს ორსულობის დროს, რა ეტაპზე უნდა იყოს აბორტი აკრძალული და უარი თქვა ეროვნული აკრძალვის მხარდაჭერაზე, რაზეც დემოკრატები ყურადღებას ამახვილებენ წინასაარჩევნოდ.
აბორტის საწინააღმდეგო აქტივისტებმა გამოხატეს იმედგაცრუება, რომ ტრამპი უფრო შორს არ წავიდა.
ვიდეოში მან ისაუბრა მის დამსახურებაზე, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების კუთხით, რომელმაც გააუქმა აბორტის ფედერალური უფლება, საქმეზე “რო უედის წინააღმდეგ”. ტრამპმა თანამდებობაზე ყოფნისას, სამი უზენაესი სასამართლოს მოსამართლე წარადგინა პოსტზე და ახლა კონსერვატორი მოსამართლეები სასამართლოში უმრავლესობაში არიან.
“მე ვამაყობ, რომ ვარ პასუხისმგებელი პირი აბორტის კონსტიტუციური უფლების დასრულებაზე“, - თქვა მან და მადლობა გადაუხადა კონსერვატორ მოსამართლეებს, რომლებმაც 50 წლის წინ მიღებული გადაწყვეტილება გააუქმეს.
მან კვლავ გამოხატა თავისი მხარდაჭერა აბორტის უფლებაზე სამი გამონაკლისის შემთხვევაში - გაუპატიურების, ინცესტის და დედის სიცოცხლეს საფრთხეში ყოფნისას.
„სხვადასხვა შტატს სხვადასხვა [კანონმდებლობა] ექნება. ბევრს ექნება განსხვავებული კვირების რაოდენობა, ან ზოგიერთს ექნება უფრო კონსერვატიული მიდგომა, ვიდრე სხვებს”- თქვა მან. ”საბოლოოდ, ეს ყველაფერი ხალხის ნებაზეა დამოკიდებული.”
ბაიდენის კამპანიამ განაცხადა, რომ ტრამპი „აბორტის აკრძალვას მხარს უჭერს ყველა შტატში, მათ შორის გამონაკლისების გარეშე აბორტის აკრძალვას”.
განცხადებაში ბაიდენმა თქვა, რომ ტრამპი პასუხისმგებელია იმ სისასტიკესა და ქაოსზე, რამაც მოიცვა ამერიკა უზენაესი სასამართლოს 2022 წლის გადაწყვეტილების შემდეგ.
დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მიერ შედგენილი მონაცემები აჩვენებს, რომ 2012 წლიდან 2021 წლამდე აბორტების დიდი უმრავლესობა ორსულობის პირველი 13 კვირის განმავლობაში ხდება.
უზენაესი სასამართლოს “რო უეიდის წინააღმდეგ” გადაწყვეტილებით აბორტის კონსტიტუციური უფლება, ორსულობის დაახლოებით 23 ან 24 კვირამდე გრძელდებოდა.
ჯანმრთელობის პოლიტიკის კვლევის ფონდის, KFF-ის თანახმად, ორსულობის გვიან პერიოდში აბორტები იშვიათია და ხშირად მხოლოდ მაშინ კეთდება, როცა ნაყოფს სერიოზული პრობლემები აქვს ან როცა დედის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, ან როცა ქალს არ ქონდა ხელმისაწვდომობა პროცედურაზე.
Facebook Forum