ამერიკის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ (FDA) აფთიაქებს მისცა ნებართვა აბორტის ტაბლეტების გაყიდვა დაიწყონ. ამ გადაწყვეტილების პარალელურად, ქვეყანაში სულ უფრო მეტი შტატი ცდილობს, რომ მედიკამენტოზური აბორტი აკრძალოს.
ეს გადაწყვეტილება მეტ ქალს მისცემს აბორტზე ხელმისაწვდომობას. პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაცია, ცდილობს როგორმე დაუპირისპირდეს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას, აბორტების უფლების ფედერალურ დონეზე გაუქმებასთან დაკავშირებით.
ამ ისტორიული გადაწყვეტილებით, რომელიც უზენაესმა სასამართლომ გასულ წელს მიიღო, ქალებს ამერიკაში აბორტის უფლება ფედერალურ დონეზე აღარ აქვთ გარანტირებული. გადაწყვეტილებას აბორტების დასაშვებობასთან დაკავშირებით შტატები დამოუკიდებლად იღებენ.
FDA-ის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით, აფთიაქებს ახლა შეუძლიათ აბორტის ტაბლეტების გაყიდვის ნებართვა მოითხოვონ. ნებართვის მიღების შემდეგ, ამერიკის მასშტაბით ნებისმიერი ასეთი აფთიაქი შეძლებს რეცეპტის საფუძველზე მსურველებს წამალი მიყიდოს.
FDA-იმ ამ ცვლილებების შესახებ პირველად 2021 წლის დეკემბერში გამოაცხადა, თუმცა საბოლოო სახით მისი დამტკიცება სამშაბათს, 4 იანვარს მოხდა. მედიკამენტოზური აბორტისთვის საჭირო ტაბლეტები, რომელიც აფთიაქებში გაიყიდება ორი ამერიკული კომპანიის, "დანკო ლაბორატორისა" და "გენბიოპროს" მიერ იქნება წარმოებული.