ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთი ტერაქტს "ბურისმას" უკავშირებს, რომელიც ბაიდენის ვაჟთან ასოცირდება


კომპანია "ბურისმას" შენობა კიევში, უკრაინა
კომპანია "ბურისმას" შენობა კიევში, უკრაინა

რუსეთის უმაღლესმა საგამოძიებო ორგანომ განაცხადა, რომ მან დაიწყო გამოძიება უკრაინულ კომპანიასთან დაკავშირებით, რომელსაც ადრე კავშირი ჰქონდა ამერიკის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის შვილთან. ეს სავარაუდოდ, დეზინფორმაციის გავრცელების მცდელობაა შეერთებულ შტატებში მიმდინარე საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის ფონზე.

9 აპრილს, საგამოძიებო კომიტეტმა განაცხადა, რომ იწყებს გამოძიებას კომპანია "ბურისმას" საქმიანობასთან და მის სავარაუდო მონაწილეობასთან დაკავშირებით, რუსეთში ტერორისტულ აქტივობათა დაფინანსების გამო. კომიტეტის განცხადებით, დაფინანსების მიღმა შესაძლოა "შეერთებული შტატების და ნატოს ქვეყნების მაღალი თანამდებობის პირები" იდგნენ.

კომიტეტმა განაცხადა, რომ გამოძიება რამდენიმე რუსმა დეპუტატმა მოითხოვა. "ბურისმა" უკრაინული ნავთობის და გაზის კომპანიაა, რომლის დირექტორთა საბჭოს ერთ-ერთი წევრი, 2014-2019 წლებში, ჰანტერ ბაიდენი იყო - ამერიკის პრეზიდენტის ვაჟი.

10 აპრილს, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის განცხადებასთან დაკავშირებით, ჟურნალისტებმა კითხვა დაუსვეს თეთრი სახლის მრჩეველს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში. ჯეიკ სალივანმა ამ ბრალდებას "სისულელე" უწოდა. სალივანის თქმით, „რუსეთს მოეხსენება, რომ ეს იყო "ისლამური სახელმწიფო", რომელმაც მოსკოვში ტერორისტული აქტი განახორციელა“.

მოსკოვის ბრალდება იმის თაობაზე, რომ „შეერთებული შტატების და ნატოს ქვეყნების მაღალი თანამდებობის პირები“ ტერაქტის დაფინანსებაში მონაწილეობდნენ, აგრძელებს კრემლის მიერ გაკეთებული განცხადებების პათოსს, რომელიც ცდილობს მომხდარში კიევი დაადანაშაულოს. გასულ თვეში მომხდარი ტერორისტული თავდასხმის შედეგად, მოსკოვში 140 ადამიანი დაიღუპა.

ტერაქტზე პასუხისმგებლობა ექსტრემისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო. მოსალოდნელ თავდასხმაზე მოსკოვს ვაშინგტონიც აფრთხილებდა, მაგრამ რუსი ოფიციალური პირები ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე ამბობდნენ, რომ ტერაქტში უკრაინა და შეერთებული შტატები მონაწილეობდნენ.

"ბურისმა" წლების განმავლობაში იყო ამერიკელი რესპუბლიკელი კანონმდებლებისა და სხვათა დაუდასტურებელი ბრალდებების ცენტრში, რომლებიც აცხადებდნენ, რომ მაშინდელი ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ზეწოლას ახდენდა უკრაინელ ჩინოვნიკებზე. მათი ბრალდების მიხედვით, ბაიდენი ცდილობდა უკრაინის გენერალური პროკურორის გათავისუფლებას, რათა დაეცვა "ბურისმას" მთავარი მფლობელი. აღნიშნული ბრალდებები არაერთხელ იქნა უარყოფილი, მათ შორის იმ საეჭვო რეპუტაციის ამერიკელი ბიზნესმენის მიერ, რომელმაც ამ ბრალდებების გავრცელებაში წამყვანი როლი ითამაშა.

ამას მოჰყვა ამერიკის მაშინდელი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გახმაურებული სატელეფონო ზარი უკრაინელ კოლეგა ვოლოდიმირ ზელენსკისთან. მათ საუბარში იკვეთებოდა, რომ ტრამპი უკრაინის სამხედრო დახმარების სანაცვლოდ, უკრაინაში ბაიდენთან დაკავშირებით საქმის აღძვრას და სისხლის სამართლის გამოძიებას ითხოვდა. ამ მოთხოვნის რეალურობას უკრაინაში შეერთებული შტატების მაშინდელი ელჩიც ადასტურებს.

მოგვიანებით, როცა ჯო ბაიდენი პრეზიდენტი გახდა, რესპუბლიკელმა კანონმდებლებმა, რომლებიც წარმომადგენელთა პალატას აკონტროლებენ, "ბურისმას" საქმესთან დაკავშირებით, ამერიკის ამჟამინდელი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის იმპიჩმენტი სცადეს. მცდელობა წარუმატებლად დასრულდა, ვინაიდან წამყვან მოწმეს, რომელიც ამტკიცებდა, რომ ჯო და ჰანტერ ბაიდენებმა, თითოეულმა "ბურისმასგან" $5 მილიონი აღიო, აშშ-ის გამოძიებათა ფედერალურმა ბიურომ ცრუ ჩვენებებისთვის ბრალდება წაუყენა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG