მსოფლიოს საუკეთესო საკალათბურთო ლიგას კიდევ ერთი ქართველი შეემატა. NBA-ის 2019 წლის დრაფტზე, რომელიც 21 ივნისს ბრუკლინის Barclays Center-ში გაიმართა, საქართველოს ეროვნული ნაკრების მძიმე ფორვარდი, 19 წლის გოგა ბითაძე „ინდიანა პეისერსმა“ მე-18 ნომრად აირჩია.
ის, რომ ბითაძეს დრაფტის პირველი წრეში აირჩევდნენ მოულოდნელი არ ყოფილა, რადგან ახალგაზრდა ქართველი ვარსკვლავი NBA-მ დრაფტის „მწვანე ოთახში“ მიიწვია. ოფიციალურ პრესკონფერენციაზე, გოგა ბითაძემ მცირე კომენტარი მშობლიურ ენაზე გააკეთა:
NBA-ში მოხვედრა ჩემი ოცნება იყო და ეს ოცნება ახდა"გოგა ბითაძე, ინდიანა პეისერსის ახალწვეული
„ძალიან კარგად ვიგრძენი თავი, იმიტომ რომ NBA-ში მოხვედრა ჩემი ოცნება იყო და ეს ოცნება ახდა. ვიცი, რომ დედა, მამა, თათია, ნათია ყველა მიყურებს ახლა და მოკითხვა ყველას!“ - თქვა გოგამ.
2 მეტრი და 12 სანტიმეტრი სიმაღლის ბითაძე საგარეჯოელია, მისი კარიერა 14 წლის ასაკში თბილისის „ვითაში“ დაიწყო. ბითაძის ვარსკვლავი კი ადრიატიკის ლიგაში აკიაფდა, სადაც ბოლო სამი წლის მანძილზე სერბული (ბელგრადის „მეგა ბემაქსი“, „სმედეროვო“) და მონტეგრული (პოდგორიცას „ბუდუჩნოსტი“) კლუბების ღირსება იცავდა.
2019 წელს, ქართველი ევროლიგის ამომავალ ვასკვლავად (EuroLeague Rising Star) აღიარეს. ბითაძემდე ეს პრესტიჟული ჯილდო სლოვენიელმა ვარსკვლავმა ლუკა დონჩიჩმა მოიგო, რომელიც ამჟამად „დალას მავერიქსში“ ბრწყინავს.
ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციის დრაფტზე არჩევის, გარანტირებული ორ წლიანი კონტრაქტის მიღების შემდეგ, ბითაძე „პეისერსის“ ავიალაინერით ინდინაპოლისში ჩაფრინდა, სადაც ინდიანას ფანებმა გულთბილი დახვედრა მოუწყვეს. გოგას ინდიანაპოლისში კიდევ ერთხელ მიეცა შანსი ქართველი ფანებისთვის ქართულ ენაზე მიემართა:
ძალიან დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის. ყველაფერს გავაკეთებ, რომ იმედები გავამართლო იმედები და მოლოდინი"
„მოგესალმებით, ყველას ვინც მიყურებთ, ძალიან დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის. ყველაფერს გავაკეთებ, რომ იმედები გავამართლო იმედები და მოლოდინი. მადლობა ყველას!“ - აღნიშნა ბითაძემ.
„ინდიანა პეისერში“ ახალბედა ქართველ ცენტს დიდი კონკურენცია ელის, ძირითადში მოსახვედრად ბითაძეს ამერიკელი მაილზ ტერნერის და ლიტველი დომანტას საბონისის კონკურენციის დაძლევა მოუწევს, რომელიც ლეგენდარული არვიდას საბონისის შვილია.
გოგა ბითაძე რიგით მეექვსე ქართველია, რომელიც ამერიკის ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციის დრაფტზე აირჩიეს. 11 წლის უკან, პირველი ვინც საქართველოდან NBA-კენ ურთულესი გზა გაჭრა ვლადიმერ სტეფანია იყო.
მსოფლიოს საუკეთესო ლიგაში ასევე უთამაშიათ ნიკოლოზ ცქიტიშვილს და თორნიკე შენგელიას. 2004 წელს დრაფტზე ვიქტორ სანიკიძეც აირჩიეს თუმცა, NBA-ში თამაშის შანსი ძალიან ნიჭიერ ქართველ ფორვარდს სამწუხაროდ არ მიეცა.
ამერიკაში მე-16 სეზონის დასაწყებად ემზადება, ვეტერანი და თანამედროვე ქართული კალათბურთის ყველაზე დიდი ფიგურა ზაზა ფაჩულია. ზაზამ 2017 და 2018 წლებში, „გოლდენ სტეიტის“ მაისურით, ზედიზედ ორჯერ აღმართა ლარი ობრაიენის თასი და NBA-ს ჩემპიონის ბეჭედიც ორჯერ მოიგო. ფაჩულია დრაფტზე ბითაძის აყვანას სოციალური ქსელით გამოეხმაურა:
ამაყი და აღფრთოვანებული ვარ. საქართველოს კიდევ ერთი დიდი წარმომადგენელი ჰყავს. მიდი გოგა! პეისერსის ფანებო, ბიჭებო თქვენ ახლახან ძალიან ნიჭიერი, სუპერმშრომელი და დიდებული ბიჭი მიიღეთ!"ზაზა ფაჩულია, NBA-ს ორგზის ჩემპიონი
„ამაყი და აღფრთოვანებული ვარ. საქართველოს კიდევ ერთი დიდი წარმომადგენელი ჰყავს. მიდი გოგა! პეისერსის ფანებო, ბიჭებო თქვენ ახლახან ძალიან ნიჭიერი, სუპერმშრომელი და დიდებული ბიჭი გოგა ბითაძე მიიღეთ!“ - დაწერა ფაჩულიამ.
„ინდიანა პეისერსთან“ გარანტირებული კონტრაქტით, 19 წლის გოგა ბითაძე საქართველოს ყველაზე მაღალანაზრაურებად სპორტსმენად იქცა, მომდევნო ორი წლის მანძილზე ბითაძე თითქმის 6 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს.
NBA და ქართველები
ვლადიმერ სტეფანია - 1998-2004 სიეტლი, ნიუ ჯერსი, მაიამი, პორტლენდი
ნიკოლოზ ცქიტიშვილი - 2002-06 დენვერი, გოლდენ სტეიტი, მინესოტა, ფინიქსი
ვიქტორ სანიკიძე - 2004 ატლანტა, სან ანტონიო (დრაფტი, ტრეიდი, არ უთამაშია)
თორნიკე შენგელია - 2012-14 ბრუკლინი, ჩიკაგო
ზაზა ფაჩულია - 2003-დან ორლანდო, მილუოკი, ატლანტა, დალასი, გოლდენ სტეიტი, დეტროიტი
გოგა ბითაძე - 2019-დან ინდიანა