ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პირველად საქართველოში: NBA-ის თასი თბილისშია


ზაზა ფაჩულია NBA-ს თასით თბილისის სპორტის სასახლეში
ზაზა ფაჩულია NBA-ს თასით თბილისის სპორტის სასახლეში

საქართველოში პირველად ამერიკის ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) თასი მოგზაურობს. საკალათბურთო სამყაროს უმაღლესი ჯილდო, რომელიც გაცილებით დიდია, ვიდრე ოლიმპიური ოქრო ან მსოფლიო ჩემპიონობა.

NBA-ის თასი თბილისში ეროვნული ნაკრების კაპიტანმა ზაზა ფაჩულიამ ჩამოიტანა. ქართული კალათბურთის ისტორიაში პირველმა და ჯერჯერობით, ერთადერთმა კალათბურთელმა, რომელიც 2017 წლის 13 ივნისს, ოკლენდის „გოლდენ სტეიტ უორიორზის“ მაისურით, NBA-ის ჩემპიონი გახდა.

ამერიკის ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის თასის სამშობლოში ჩატანა უკვე დიდი ტრადიციაა. ამ საპატიო უფლებით არაერთმა ლეგენდარულმა კალათბურთელმა ისარგებლა.

ლარი ობრაიანის ჩემპიონის თასი მთაწმინდაზე
ლარი ობრაიანის ჩემპიონის თასი მთაწმინდაზე

„სან ანტონიო სპურსის“ ლიდერები ჯინობილი და პარკერი თასით არგენტინასა და საფრანგეთში ჩაფრინდნენ; „დალასის“ ლეგენდა ნოვიცკი - გერმანიაში, „ლეიკერსელი“ გასოლი - ესპანეთში, „ჩიკაგო ბულზის“ ლეგენდარული გუნდის ვარსკვლავი კუკოჩი კი ხორვატიაში.

NBA-ის მთავარმა ტროფიმ ასე ხუთ კონტინენტზე მსოფლიოს 50-მდე ქვეყანა მოიარა, მათ შორის ბაჰამისა და ვირჯინიის კუნძულები. და, აი თასი საქართველოშია. ფაჩულიასა და ტროფეის სანახავად, სპორტის სასახლეში გუშინ კალათბურთის ათასობით გულშემატკივარი მივიდა.

ზაზა ფაჩულიამ აღნიშნა, რომ "ეს თასი საქართველოსია", რადგან სწორედ აქ დაიწყო თამაში, შეისწავლა და შეიყვარა კალათბურთი:

„გულწრფელად გეუბნებით, ეს თასი არის ჩვენი, ეს თასი არის ქართველების. ყველაფერი დაიწყო აქ, როცა ვიყავი 9 წლის, როცა პირველად მივედი კალათბურთზე, როცა დავიწყე თამაში, ჩემს პირველ მწვრთნელ ზურა სამხარაძესთან“
ზაზა ფაჩულია, გოლდენ სტეიტ უორიორზის ცენტრი

„გულწრფელად გეუბნებით, ეს თასი არის ჩვენი, ეს თასი არის ქართველების. თქვენ ეს დაიმსახურეთ და მე მინდა, მოგილოცოთ ეს დიდი გამარჯვება. თქვენს გარეშე, თქვენი გულშემატკივრობის გარეშე, ეს არ მოხდებოდა.

ეს ყველაფერი დაიწყო აქ, როცა ვიყავი 9 წლის, როცა პირველად მივედი კალათბურთზე, როცა დავიწყე თამაში, ჩემს პირველ მწვრთნელ ზურა სამხარაძესთან.“

NBA-ის თასი ბურთის კალათში ჩავარდნას განასახიერებს. ის ორი ფუტის სიმაღლეა, 7 კილოგრამი ვერცხლისგან მზადდება და 24 კარატიანი, 999 სინჯის ოქროთია მოოქროვილი. თასის საბაზრო ღირებულება 20 000 დოლარს აღწევს, თუმცა, გასაგები მიზეზების გამო მისი შეძენა შეუძლებელია, შესაბამისად, რეალური ღირებულება გაცილებით მეტია.

თბილისის აეროპორტში
თბილისის აეროპორტში

თასი ამჟამინდელი დიზაინით, პირველად 1978 წელს, ცნობილმა Tiffany & Co-მ დაამზადა. ვინაიდან ტროფი არ არის გარდამავალი და სამუდამოდ NBA-ის მომგები კლუბის საკუთრება ხდება, ეროვნული საკალათბურთო ასოციაცია ამერიკულ საიუვილერო გიგანტს ყოველ სეზონზე, ახალ თასს უკვეთავს.

1984 წლიდან თასი - NBA-ის მესამე კომისრის, ყოფილი პოლიტიკოსისა და ამერიკული პროფესიული კალათბურთის დიდი რეფორმატორის ლარი ობრაიანის სახელს ატარებს. მანამდე, ტროფი უოლტერ ბრაუნის სახელობისა იყო, „ბოსტონ სელტქსის“ ყოფილი მეპატრონის, რომელმაც გასული საუკუნის 50-იან წლებში, ახლადდაბადებული NBA-ის განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანა.

ფაჩულია დედასთან და ეროვნულ ნაკრებთან ერთად
ფაჩულია დედასთან და ეროვნულ ნაკრებთან ერთად

ესპანული „ბასკონიისა“ და საქართველოს ნაკრების კალათბურთელი თორნიკე შენგელია მიიჩნევს, რომ ზაზა ფაჩულიას ახალმა ტიტულმა და NBA-ის თასის ჩამოტანამ, საქართველოში კალათბურთის განვითარებას დიდი იმპულსი უნდა მისცეს.

„ძალიან დიდი წარმატებაა. ჩემი აზრით, ეს მაგალითი უნდა იყოს ახალგაზრდა მოთამაშეებისთვის, იმის გასაცნობიერებლად რომ შრომა არასოდეს იკარგება. ეს წარმატება ბევრს გაუჩენს მოტივაციას რომ დაიწყოს კალათბურთის თამაში“
თორნიკე შენგელია, საქართველოს ნაკრების ფორვარდი

„ ძალიან დიდი წარმატებაა. ჩემი აზრით, ეს მაგალითი უნდა იყოს ახალგაზრდა მოთამაშეებისთვის, იმის გასაცნობიელებლად რომ შრომა არასოდეს იკარგება.

ეს წარმატება კიდევ ბევრს გაუჩენს მოტივაციას რომ დაადგეს სპორტულ გზას, უფრო მეტი ახალგაზრდა დაიწყებს კალათბურთის თამაშს.“

33 წლის ზაზა ფაჩულია ამჟამად საქართველოში ყველაზე პოპულარული სპორტსმენია. პრეზიდენტმა მარგველაშვილმა „გოლდენ სტეიტ უორიორზის“ ქართველი ცენტრი ღირსების ორდენით დააჯილდოვა; თბილისში, დიღმის მასივში კი მისი სახელობის საკალათბურთო მოედანი აშენდება.

მოულოდნელი საჩუქარი კაპიტანს საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმაც გაუკეთა, რომელმაც წინა კვირას კლაიპედის ოთხთა ტურნირი ფაჩულიას გარეშე მოიგო. რაც მთავარია, ქართველებმა პირველად შეძლეს ევროპული გრანდის, მასპინძელი ლიტვის ნაკრების დამარცხება - 81:70.

საქართველოს ნაკრების კალათბურთელებმა 8 აგვისტოს რუსული ოკუპაცია გააპროტესტეს
საქართველოს ნაკრების კალათბურთელებმა 8 აგვისტოს რუსული ოკუპაცია გააპროტესტეს

თავად ფაჩულიამ ვარსკვლავურ ოკლენდის „უორიორზთან“ კონტრაქტი კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივა და ახლა მთელ ენერგიას სწორედ ეროვნული ნაკრებისკენ მიმართავს.

საქართველო ზედიზედ მეოთხე ევრობასკეტისთვის ემზადება, რომელიც 31 აგვისტოს, ერთდროულად ოთხ ქვეყანაში: ფინეთში, რუმინეთში, თურქეთსა და ისრაელში აიღებს სტარტს. ეს ქართველ კალათბურთელთა ამ თაობისთვის, მათ შორის ფაჩულიასთვის, ბოლო შანსია, რომ დიდ წარმატებას ეროვნული ნაკრების დონეზეც მიაღწიონ.

უცხოელები, რომლებსაც NBA მოუგიათ

2017 - გოლდენ სტეიტ უორიორსი - ზაზა ფაჩულია(საქართველო)

2016 - კლივლენდ კავალიერსი - ტრისტან ტომპსონი(კანადა), მეთიუ დალავედოვა(ავსტრალია), ტიმოფეი მოზგოვი(რუსეთი), საშა კაუნი(რუსეთი)

2015 - გოლდენ სტეიტ უორიორსი - ენდრიუ ბოგუტი(ავსტრალია), ლეანდრო ბარბოსა(ბრაზილია), ეზელი ფესტუსი(ნიგერია), ოგნიენ კუზმიჩი(სერბეთი)

2014 - სან ანტონიო სპურსი - ტონი პარკერი(საფრანგეთი), მანუ ჯინობილი(არგენტინა), მარკო ბელინელი(იტალია), ბორის დიაო(საფრანგეთი), ტიაგო სპლიტერი(ბრაზილია), იოზეფ კორი(კანადა), ტიმ დუნკანი (ვირჯინიის კუნძულები)

2013 - მაიამი ჰითი - ენტონი ჯოელი(კანადა)

2012 - მაიამი ჰითი - ენტონი ჯოელი(კანადა), ტურიაფ რონი(საფრანგეთი)

2011 - დალაქს მავერიქსი - დირკ ნოვიცკი(გერმანია), პრედრაგ სტოიაკოვიჩი(სერბეთი), იენ მაინმი(საფრანგეთი), როდრიგ ბობუა(საფრანგეთი), ხოსე ბარეა(პუერტო რიკო)

2010 - ლოს ანჟელეს ლეიკერსი - პო გასოლი(ესპანეთი), დიდიე ილუნგა-მბენგა(ბელგია), საშა ვუიაჩიჩი(სერბეთი)

2009 - ლოს ანჟელეს ლეიკერსი - პო გასოლი(ესპანეთი), დიდიე ილუნგა-მბენგა(ბელგია), საშა ვუიაჩიჩი(სერბეთი), იუე სუნი(ჩინეთი)

2007 - სან ანტონიო სპურსი - ტონი პარკერი(საფრანგეთი), მანუ ჯინობილი(არგენტინა), ფაბრიციო ობერტო(არგენტინა), ბენო უდრიჰი(სლოვენია), ფრანცისკო ელსონი(ჰოლანდია), ტიმ დუნკანი (ვირჯინიის კუნძულები)

2005 - სან ანტონიო სპურსი - ტონი პარკერი(საფრანგეთი), მანუ ჯინობილი(არგენტინა), რადოსლავ ნესტეროვიჩი(სლოვენია), ბენო უდრიჰი(სლოვენია), შონ მარქსი(ახალი ზელანდია), ტიმ დუნკანი (ვირჯინიის კუნძულები)

2004 - დეტროიტ პისტონსი - დარკო მილიჩიჩი(სერბეთი), მეჰმეთ ოქური(თურქეთი)

2003 - სან ანტონიო სპურსი - ტონი პარკერი(საფრანგეთი), მანუ ჯინობილი(არგენტინა), ბათირ მენგე(ჩინეთი), ტიმ დუნკანი (ვირჯინიის კუნძულები)

2002 - ლოს ანჯელეს ლეიკერსი - სტანისლავ მედვედენკო(უკრაინა), რიკ ფოქსი(კანადა)

2001 - ლოს ანჯელეს ლეიკერსი - სტანისლავ მედვედენკო(უკრაინა), რიკ ფოქსი(კანადა)

2000 - ლოს ანჯელეს ლეიკერსი - რიკ ფოქსი(კანადა)

1999 - სან ანტონიო სპურსი - ენდრიუ გეზი(ავსტრალია), ტიმ დუნკანი (ვირჯინიის კუნძულები)

1998 – ჩიკაგო ბულზი - ტონი კუკოჩი(ხორვატია), ლუკ ლოგლი (ავსტრალია), ბილი ვენინგტონი(კანადა)

1997 - ჩიკაგო ბულზი - ტონი კუკოჩი(ხორვატია), ლუკ ლოგლი(ავსტრალია), ბილი ვენინგტონი(კანადა)

1996 – ჩიკაგო ბულზი - ტონი კუკოჩი(ხორვატია), ლუკ ლოგლი(ავსტრალია), ბილი ვენინგტონი(კანადა)

1995 - ჰიუსტონ როკეტსი - ჰაკიმ ოლაჯუონი(ნიგერია), იან ტაბაკი(ხორვატია), კარლ ერერა(ვენესუელა)

1994 - ჰიუსტონ როკეტსი - ჰაკიმ ოლაჯუონი(ნიგერია), კარლ ერერა(ვენესუელა), რიჩარდ პეტრუშკა(სლოვაკეთი)

1988 - ლოს ანჯელეს ლეიკერსი - მაიკ სმრეკი (კანადა), მაიკლ ტომპსონი (ბაჰამა)

1987 - ლოს ანჯელეს ლეიკერსი - მაიკ სმრეკი (კანადა), მაიკლ ტომპსონი (ბაჰამა)

1980 - ლოს ანჯელეს ლეიკერსი - ბუჩ ლი (პუერტო რიკო)

Facebook Forum

XS
SM
MD
LG