ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

Big Zaza: ფაჩულიამ NBA-ს მეორე საჩემპიონო ბეჭედიც მოირგო


NBA-ს ორგზის ჩემპიონი ზაზა ფაჩულია ლარი ობრაიენის თასით
NBA-ს ორგზის ჩემპიონი ზაზა ფაჩულია ლარი ობრაიენის თასით

34 წლის ზაზა ფაჩულიამ, რომელმაც მსოფლიოს საუკეთესო საკალათბურთო ლიგაში მე-15 სეზონი ჩაატარა, ზედიზედ მეორედ აღმართა ლარი ობრაიენის თასი და NBA-ს ჩემპიონის ბეჭედი კიდევ ერთხელ მოირგო. ოკლენდის „გოლდენ სტეიტ უორიორზმა“ კი 9 ივნისს, ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის საუკეთესო გუნდის ტიტული ბოლო ოთხი სეზონის განმავლობაში მესამედ მოიპოვა.

„მეომრებმა“ ზედიზედ მეორე ფინალში „კლივლენდ კავალიერსი“ ამჯერად 4-0 (124:114, 122:103, 110:102, 108:85) გაანადგურეს. NBA-ს ისტორიაში ფინალურ სერიაში მშრალი ანგარიში მხოლოდ მერვედ დაფიქსირდა, ბოლოს ასეთი რამ 2007 წელს მოხდა, როცა „სან ანტონიომ“ შანსი ასევე „კლივლენდს“ არ დაუტოვა.

ფაჩულიას ფინალურ სერიაში ცოტა დრო მიეცა
ფაჩულიას ფინალურ სერიაში ცოტა დრო მიეცა

ფაჩულიამ 2017-18 წლების სეზონი, როგორც შარშან, ოკლენდელთა მთავარ ცენტრად დაიწყო, ძირითად ხუთეულში 57 მატჩი მოგვევლინა, თუმცა შემდეგ სასტარტოში ადგილი დაკარგა. საბოლოოd ზაზამ „გოლდენის“ 103 შეხვედრიდან მხოლოდ 69 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

„მეომრების“ საოცარი გუნდის შემოქმედმა მთავარმა მწვრთნელმა სტივ კერიმ ქართველ ვეტერანს ფლეი-ოფებსა და ფინალში ძალიან ცოტა დრო დაუთმო. ქართველის სტატისტიკაც შესაბამისია, მატჩში საშუალოდ - 5,4 ქულა, 4,7 მოხსნა და 1,6 შედეგიანი გადაცემა, თუმცა ეს ფაქტი ზაზას დიდ წარმატებას რა თქმა უნდა არაფრით აკნინებს.

კალიფორნიის რადიო KNBR 680-თან ინტერვიუში ზაზა ფაჩულიამ გუშინ თქვა, რომ სათადარიგო სკამიდან ყურება თუ როგორ მოიგო „გოლდენმა“ მორიგი ტიტული მისთვის ადვილი არ იყო:

კალათბურთი - ჩემი ცხოვრებაა, ძალიან ბევრი რამ ვისწავლე, 15 წელია ლიგაში ვარ და ასეთ სიტუაციასაც უნდა შევჯახებოდი. ეს არ იყო ადვილი, თამაში სიგიჟემდე მინდოდა"
ზაზა ფაჩულია, "გოლდენ სტეიტ უორიორზის" ცენტრი

„ეს თამაში მთელი ჩემი ცხოვრებაა, კალათბურთი - ჩემი ცხოვრებაა, ძალიან ბევრი რამ ვისწავლე, 15 წელია ლიგაში ვარ და ასეთ სიტუაციასაც უნდა შევჯახებოდი. ეს არ იყო ადვილი, თამაში სიგიჟემდე მინდოდა, თუმცა ვფიქრობ, რომ გამარჯვებაში ჩემი წვლილის შეტანა მაინც შევძელი.“

ზაზა ფაჩულიამ კალათბურთის თამაში 9 წლის ასაკში დიდუბის საკალათბურთო დარბაზში მწვრთნელ ზურაბ სამხარაძესთან დაიწყო. ნიჭიერმა ცენტრმა 1997 წელს მხოლოდ ერთი არასრული სეზონი გაატარა საქართველოს ჩემპიონ თბილისის „ვითაში“ და მალევე თურქეთის ერთ-ერთმა გრანდმა „ულქერსპორმა“ აიყვანა. თურქეთის სუპერლიგაში 5 წლის მანძილზე ფაჩულიამ თურქეთის ჩემპიონის ტიტული, თასი და ორჯერ პრეზიდენტის თასი მოიგო.

კარიერის დასაწყისში
კარიერის დასაწყისში

2003 წელს, NBA-ს დრაფტზე ზაზა „ორლანდო მეჯიქმა“ აიყვანა, სწორედ ამ კლუბის მაისურით ითამაშა ფაჩულიამ ამერიკაში სადებიუტო სეზონი. 2004-05 წლებში უკვე „მილუოკი ბაქსის“ ღირსებას იცავდა, საიდანაც კავკასიელი ჯორჯიელი ამერიკული ჯორჯიის მთავარ გუნდში „ატლანტა ჰოუქსში“ აღმოჩნდა.

'ულქერში", "ორლანდოსა" და "მილუოკიში"
'ულქერში", "ორლანდოსა" და "მილუოკიში"

ჯორჯიისთვის ზაზამ შვიდი წელი (2005-2013) იბრძოლა. ატლანტა NBA-ს ლოკაუტის (გაფიცვის) დროს 2011 წელს მცირე ხნით დატოვა და თურქულ „გალათასარაიში“ ითამაშა. შემდეგ იყო ისევ „მილუოქი ბაქსი“ (2013-2015) და „დალას მავერიქსი“ (2015-2016), საიდანაც ქართველი მძიმე ფორვარდი NBA-ს უდაოდ ლეგენდარულ გუნდში „გოლდენ სტეიტ უორიორზში“ აღმოჩნდა და ბოლო ორი წლის მანძილზე ყველა ოცნება აისრულა.

"ატლანტა ჰოუქსში"
"ატლანტა ჰოუქსში"

NBA-ს უკვე ორგზის ჩემპიონი ზაზა ფაჩულია ამბობს, რომ ოკლენდში საუკეთესო ძმაკაცი კლეი ტომპსონიც იპოვა:

მწამს, რომ ნამდვილი მეგობრები მთელი სიცოცხლის მანძილზე ერთად არიან. ეს არის ის, რაც ყველაზე მეტად მეამაყება და ყველაზე მეტად მახარებს, რომ გავიცანი ეს ბიჭები, განსაკუთრებით კლეი"
ზაზა ფაჩულია კლეი ტომპსონთან მეგობრობაზე

„ვგრძნობ რომ იგი ჩემი ოჯახის წევრია, სერიოზულად. კალათბურთის შემდეგ ცხოვრება გრძელდება. მეგობრობა სამარადისოა. მწამს, რომ ნამდვილი მეგობრები მთელი სიცოცხლის მანძილზე ერთად არიან. ეს არის ის, რაც ყველაზე მეტად მეამაყება და ყველაზე მეტად მახარებს, რომ გავიცანი ეს ბიჭები, განსაკუთრებით კლეი. თუ საქართველოში წასვლას გადავწყვეტ ან აქ გამოვიცვლი შტატს, მასთან ყოველთვის კავშირი მექნება.“

NBA-ს ზედიზედ მეორე ჩემპიონობის მოგების შემდეგ, საკალათბურთო მიმომხილველთა უმრავლესობა ელოდება, რომ ზაზა ფაჩულიას ზღაპარი „გოლდენ სტეიტ უორიორზში“ თვის ბოლომდე დასრულდება და თავისუფალი აგენტის სტატუსით იგი ოკლენდს აუცილებლად დატოვებს.

ფაჩულია და ტომპსონი
ფაჩულია და ტომპსონი

უფრო პესიმისტური პროგნოზების მიხედვით, არ არის გამორიცხული რომ ზაზა ფაჩულიამ სანაკრებო კარიერის დასრულების შემდეგ, შესანიშნავი საკალათბურთო კარიერაც დაასრულოს.

თავად ქართველი ცენტრი, რომელმაც ქართული კალათბურთის ისტორიაში ახალი დიდი ფურცელი დაწერა, გადაწყვეტილების გამხელას, თუ რას აპირებს არ ჩქარობს და ჯერჯერობით, ბრწყინვალე გამარჯვებით ტკბება. „მეომრების“ ტრადიციულ საჩემპიონო აღლუმში, ოკლენდის ქუჩებში, დღეს ზაზა ფაჩულია და კლეი ტომპსონი სახელობითი ავტობუსით წარდგნენ.

"უორიორზის" საჩემპიონო აღლუმი და სახელობითი ავტობუსი
"უორიორზის" საჩემპიონო აღლუმი და სახელობითი ავტობუსი

უცხოელები, რომლებმაც NBA 2-ჯერ და მეტჯერ მოიგეს

ზაზა ფაჩულია (გოლდენ სტეიტი, საქართველო) - 2017, 2018

ტონი პარკერი (სან ანტონიო, საფრანგეთი) - 2003, 2005, 2007, 2014

მანუ ჯინობილი (სან ანტონიო, არგენტინა) - 2003, 2005, 2007, 2014

ტიმ დუნკანი (სან ანტონიო, ბაჰამა) - 1999, 2003, 2005, 2007, 2014

ენტონი ჯოელი (მაიამი, კანადა) - 2012, 2013

პო გასოლი (ლეიკერსი, ესპანეთი) – 2009, 2010

საშა ვუიაჩიჩი (ლეიკერსი, სერბეთი) – 2009, 2010

დიდიე ილუნგა-მბენგა (ლეიკერსი, ბელგია) - 2009, 2010

ბენო უდრიჰი (სან ანტონიო, სლოვენია) – 2005, 2007

რიკ ფოქსი (ლეიკერსი, კანადა) – 2000, 2001, 2002

სტანისლავ მედვედენგო (ლეიკერსი, უკრაინა) – 2001, 2002

ტონი კუკოჩი (ჩიკაბო ბულზი, ხორვატია) – 1996, 1997, 1998

ლუკ ლოგლი (ჩიკაგო ბულზი, ავსტრალია) - 1996, 1997, 1998

ბილი ვენინგტონი (ჩიკაგო ბულზი, კანადა) - 1996, 1997, 1998

ჰაკიმ ოლაჯუონი (ჰიუსტონი, ნიგერია) – 1994, 1995

კარლ ერერა (ჰიუსტონი, ვენესუელა) – 1994, 1995

მაიკლ ტომპსონი (ლეიკერსი, ბაჰამა) – 1987, 1988

მაიკ სმრეკი (ლეიკერსი, კანადა) – 1987, 1988

Facebook Forum

XS
SM
MD
LG