ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"გიჟური" მოგებით, ზედიზედ, მეოთხედ ევრობასკეტზე


საქართველოს ნაკრები ბარიში მონტენეგროზე გამარჯვებას ხარობს
საქართველოს ნაკრები ბარიში მონტენეგროზე გამარჯვებას ხარობს

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა კიდევ ერთი ფანტასტიკური საჩუქარი გაუკეთა კალათბურთის გულშემატკივარს. ჩვენმა გუნდმა ევრობასკეტის საგზური მოიპოვა, რომელიც 2017 წლის აგვისტო-სექტემბერში, ერთდროულად ოთხ ქვეყანაში: ფინეთში, რუმინეთში, თურქეთსა და ისრაელში გაიმართება.

ეს ქართველ კალათბურთელთა ამ თაობისთვის რიგით მეოთხე ევროპის ჩემპიონატი იქნება, 2011 წელს - ლიტვის, 2013 წელს - სლოვენიის და 2015 წელს - საფრანგეთის ევრობასკეტის შემდეგ.

შესარჩევ კამპანიაში, საქართველოსთვის გადამწყვეტი გამოდგა, F ჯგუფის ბოლო მატჩი, ადრიატიკის ზღვისპირა ქალაქ ბარიში. აქ ჩვენი გუნდი მასპინძელ მონტენეგროს დაუპირისპირდა. 7 სექტემბერს, თბილისში, გადაჭედილ სპორტის სასახლეში, 2 ქულის სხვაობით, 74-76, საქართველოს სწორედ ექს-იუგებმა აჯობეს და მეტოქეს შინ ფავორიტის სტატუსით დახვდნენ.

ბარის მატჩის წინ, ჩვენ გუნდს სერიოზული პრობლემა ჰქონდა, ტრავმის გამო, ერთ-ერთი ლიდერი, ესპანური „ლაბორალ კუჩას“ მსუბუქი ფორვარდი თორნიკე შენგელია გამოგვაკლდა.

ამ ფონზე, ქართველთა ამერიკელმა ლეგიონერმა, ათენის აეკ-ის გამთამაშებელმა მაიკლ დიქსონმა - საქართველოს 31 ქულა მოუტანა, აქედან 21 - სამქულიანი პერიმეტრიდან.

ლიდერის ტვირთი ბოლომდე ზიდა, ალბათ, ყველა დროის საუკეთესო ქართველმა კალათბურთელმა, "გოლდენ სტეიტის“ცენტრმა ზაზა ფაჩულიამ. დიდმა კაპიტანმა საბოლოოდ 22 ქულას და 13 მოხსნას მოუყარა თავი და ორივე კომპონენტში აჯობა, მონტენეგროელთა ლიდერს, „ორლანდო მეჯიქის“ ცენტს ნიკოლა ვუჩევიჩს.

NBA-ს ორი ცენტრის დუელი ფაჩულიამ მოიგო
NBA-ს ორი ცენტრის დუელი ფაჩულიამ მოიგო

კოტე ტუღუში, ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტი ამბობს

ჩვენმა ბიჭებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ საქართველო კალათბურთში ნამდვილად სერიოზულ ძალას წარმოადგენს და ქართველებმა ვიცით კალათბურთის თამაში"
კოტე ტუღუში, ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტი

„მოსაგებად წავედით აქედანვე. ბიჭებმა საოცარი თავდადება აჩვენეს, მოინდომეს და კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ საქართველო კალათბურთში ნამდვილად სერიოზულ ძალას წარმოადგენს და რომ, ქართველებმა ვიცით კალათბურთის თამაში, თან საკმაოდ კარგად.“

ბარიში შეხვედრა, რომელსაც fiba.com-მა „გიჟური ოქროს მატჩი“ უწოდა, საქართველომ კარგად დაიწყო. პირველ მეოთხედში, მრისხანე მეტოქეს 13 ქულიანი გაქცევაც კი მოუწყო, საბოლოოდ კი 8 ქულით აჯობა (18-26).

მეორე მეოთხედში კვლავ თავი იჩინა, ჩვენმა მთავარმა პრობლემამ - მოკლე სკამმა, ძირითადისა და სათადარიგო მოთამაშეთა სათამაშო კლასში ასტრონომიულმა სხვაობამ. როგორც კი საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ბერძენმა ილიას ზუროსმა ძირითადი ხუთეული ეტაპობრივად დაასვენა, უპირატესობა მთლიანად ჩერნოგორიელთა მხარეს გადავიდა და ანგარიშიც გათანაბრდა (26-26). თამაში ქულა-ქულაში წავიდა, საბოლოოდ კი ტაიმი საქართველომ 4 ქულით მოიგო (41-45).

მესამე მეოთხედში, ჩვენმა გუნდმა მასპინძლებს გასწრების საშუალება ისევ არ მისცა (62-64), თუმცა, ეს უპირატესობა ძვირად დაგვიჯდა, პერსონალურებით განსაკუთრებით დაიტვირთა ხუთეულის წევრები - ფაჩულია, შერმადინი, ბურჯანაძე, ცინცაძე.

მონტენეგრომ მეოთხე მეოთხედში მარწუხები კიდევ უფრო მოუჭირა. 5 პერსონალური შენიშვნით ერთმანეთის მიყოლებით გავარდნენ შერმადინი და ბურჯანაძე. ამას ზედ დაერთო, ცინცაძის, ლეჟავასა და ბექაურის უხეში შეცდომები და მონტენეგრო თამაშის დასრულებამდე 3 წუთით და 46 წამით ადრე - პირველად გავიდა წინ (77-76). ერთი წუთისა და 46 წამის შემდეგ კი მასპინძლები უკვე 5 ქულას იგებდნენ (84-79). ამ დროს ბევრმა ჩათვალა რო თამაშის ბედი გადაწყვეტილი იყო.

ვიკა სანიკიძის სამიანი გარდამტეხი გამოდგა
ვიკა სანიკიძის სამიანი გარდამტეხი გამოდგა

ის, რაც ამის შემდეგ მოხდა, გულშემატკივარს ძალიან დიდხანს ემახსოვრება. 27 წამის განმავლობაში, ჯერ დიქსონმა (84-82) და შემდეგ, სანიკიძემ - 10 მეტრიდან ორი, საოცარი 3 ქულიანი ჩააგდეს და საქართველო წინ გაიყვანეს (84-85). მონტენეგრო ფსიქოლოგიურად გატყა და ზედიზედ ორჯერ შეტევაში დაჯარიმდა. საბოლოოდ საქართველომ 84-90 გაიმარჯვა და სრულფასოვანი რევანში აიღო.

ესპანური „ანდორას“ მცირე ფორვარდი ბექა ბურჯანაძე ამბობს:

უმნიშვნელოვანესი და ურთუსელი გამარჯვება მოვიპოვეთ ძალიან ძლიერ მეტოქესთან. უზომოდ გახარებულები ვართ, ევრობასკეტის საგზურის განაღდებით"
ბექა ბურჯანაძე, ეროვნული ნაკრების ფორვარდი

„უმნიშვნელოვანესი და ურთუსელი გამარჯვება მოვიპოვეთ ძალიან ძლიერ მეტოქესთან. უზომოდ გახარებულები ვართ, ევრობასკეტის საგზურის განაღდებით. თან პირველ ადგილზე დავასრულეთ ჯგუფი, რაც მთავარია ყველაფერი წინაა.“

საქართველომ ევროშესარჩევის F ჯგუფი პირველ ადგილზე დაასრულა. მონტენეგრომდე ორივე მატჩი მოუგო ალბანეთის და სლოვაკეთის ნაკრებებს და სკეპტიკოსთა საწინააღმდეგოდ, ევრობასკეტ-2017-ის საგზური ღირსეულად მოიპოვა. ევროპის ჩემპიონატის წილისყრა უკვე 22 ნოემბერს სტამბულში გაიმართება.

ქართველმა ამერიკელმა მაიკლ დიქსონმა 31 ქულა ჩააგდო
ქართველმა ამერიკელმა მაიკლ დიქსონმა 31 ქულა ჩააგდო

ეს წარმატება მით უფრო დასაფასებელია, რადგან ეროვნულ ნაკრებს მთელი შესარჩევის მანძილზე, ტრავმის გამო აკლდა, ერთ-ერთი საკვანძო მოთამაშე, თურქული „დარუშაფაკას“ მცველი მანუჩარ მარკოიშვილი.

FIBA-ს სტატისტიკის მიხედვით, 2017 წლის ევროშესარჩევის საუკეთესო სნაიპერებს შორის, მეორე ადგილზე თორნიკე შენგელია, ხოლო საუკეთესო ასისტენტებს შორის - გიორგი ცინცაძე გავიდნენ. მაყურებელთა დასწრების მხრივ კი 2016 წლის 7 სექტემბრის საქართველო-მონტენეგროს მატჩმა ევროპის მასშტაბით საუკეთესო შედეგი აჩვენა. ამ შეხვედრაზე - 9800 ფანი მივიდა.

საქართველო ეროვნული ნაკრები 2016

ზაზა ფაჩულია - გოლდენ სტეიტი, აშშ

თორნიკე შენგელია - ლაბორალ კუჩა, ესპანეთი

ვიქტორ სანიკიძე - არისი, საბერძნეთი

მაიკლ დიქსონი - აეკ, საბერძნეთი

გიორგი ცინცაძე - ქუთაისი

გიორგი შერმადინი - ანდორა, ესპანეთი

ბექა ბურჯანაძე - ანდორა, ესპანეთი

დუდა სანაძე - ლასტოვკა, სლოვენია

ბექა ბექაური - ქუთაისი

ანატოლი ბოისა - ქუთაისი

ლუკა ზაქრაძე - დინამო თბილისი

ბესიკ ლეჟავა - ბათუმი

კახა ჯინჭარაძე - არმია თბილისი

XS
SM
MD
LG