კრემლის დაკავებული კრიტიკოსის ალექსეი ნავალნის ჯანმრთელობის მდგომარეობა ბევრად გაუმჯობესდა. ნავალნიმ 24-დღიანი შიმშილობა 23 აპრილს დაასრულა, როდესაც სამოქალაქო, და არა ციხის ექიმებმა, მისი გასინჯვის უფლება მიიღეს. ის ამჟამად ახალ ამბებს ეცნობა მისი ორგანიზაციის წინააღმდეგ მიღებულ ზომებზე, - ამბობს მისი მოკავშირე ივან ჟდანოვი.
„ალექსეი ნავალნი ბევრად უკეთესადაა ახლა და როცა მას ახალ ამბებს აცნობენ, ამბობს, რომ შოკშია", - თქვა მისმა მოკავშირემ ჟდანოვმა, „ეხო მასკვის“ რადიოსთან საუბრისას.
ასევე ნახეთ: ნავალნი მიღებულ ჯილდოს რუს და ბელარუს პოლიტპატიმრებს უძღვნისნავალნის დაპატიმრების შემდეგ, ქვეყანაში მისი მხარდამჭერების წინააღმდეგ კამპანია მიმდინარეობს. მისი გუნდის ბევრმა წევრმა დაკავების და დევნის შიშით ქვეყანა დატოვა.
ნავალნის ორგანიზაცია, "ანტიკორუფციული ფონდი" სასამართლომ 9 ივნისს ექსტრემისტულ ორგანიზაციად ცნო და მისი ქონების სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემის ვერდიქტი გამოიტნა. მომხდარი შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა დაგმო და განაცხადა, რომ ეს „რუსეთის ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკურ ოპოზიციაზე, სამოქალაქო საზოგადოებასა და დამოუკიდებელ მედიაზე ზეწოლის გაძლიერების მაჩვენებელია“.
ცოტა ხნის წინ, ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც „ექსტრემისტულად“ გამოცხადებული ორგანიზაციების წევრებს და მხარდამჭერებს, არჩევნებში მონაწილეობას უკრძალავს. შედეგად, ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნისთან დაკავშირებული პირებისთვის საჯარო სამსახურის დაკავება შეუძლებელი ხდება.
ასევე ნახეთ: ნავალნი საავადმყოფოდან კოლონიაში დააბრუნესნავალნი ამ დროისთვის პატიმრობაში რჩება. ის იანვარში, გერმანიიდან დაბრუნების შემდეგ დააკავეს, პირობითი სასჯელის წესების დარღვევის გამო. გერმანიაში ნავალნი გასულ აგვისტოში, ნერვული აგენტით „ნოვიჩოკით“ მოწამვლის შემდეგ მკურნალობდა. ის პუტინს ბრალს მისი მკვლელობის მცდელობაში დებს. კრემლი ბრალდებებს უარყოფს.