ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნავალნი საავადმყოფოდან კოლონიაში დააბრუნეს


დაპატიმრებული ოპოზიციონერი ლიდერი ალექსეი ნავალნი გამოსასწორებელი კოლონიის საავადმყოფოდან, კვლავ საპატიმროში დააბრუნეს. სასამართლომ მას სასჯელის მოხდა ვლადიმირის რეგიონის ქალაქ პოკროვში მდებარე N2 გამოსასწორებელ კოლონიაში მიუსაჯა.

საქალაქო სასამართლო ამჯერად ნავალნის სარჩელს განიხილავს. ნავალნი, რომელიც სხდომას ვიდეოზარით დაესწრო, პენიტენციური სისტემის წარმომადგენლებს მისი უფლებების დარღვევაში ადანაშაულებს. ამბობს, რომ გამოსასწორებელი კოლონიის თანამშრომლები მასთან მიტანილი გაზეთებიდან ზოგიერთ სტატიას ჭრიან, არ აძლევენ წიგნებსაც.

ნავალნი ჰოსპიტალში აპრილში მას შემდეგ გადაიყვანეს, რაც ის დამოუკიდებელი მედიკოსის გასინჯვის მოთხოვნით შიმშილობდა და ზურგის ტკივილსა და კიდურების დაბუჟებას უჩიოდა. ნავალნიმ 24-დღიანი შიმშილობა 23 აპრილს დაასრულა, როდესაც სამოქალაქო, არა ციხის ექიმებმა მისი გასინჯვის უფლება მიიღეს.

ნავალნი იანვარში დააკავეს, როდესაც ის გერმანიიდან რუსეთში დაბრუნდა. გერმანიაში კი ოპოზიციონერს მას შემდეგ მკურნალობდნენ, რაც ის ევროპელი მედიკოსების დასკვნით, ნერვული აგენტით მოწამლეს. კრემლი მის მოწამვლასთან ყველანაირ კავშირს უარყოფს. სამართალდამცავები კი მას იმ მოთხოვნის დარღვევაში ადანაშაულებენ, რომლის თანახმადაც, მას ქვეყნიდან გასვლა ეკრძალებოდა. ნავალნის დაპატიმრებას მისი მხარდამჭერები პოლიტიკურად მოტივირებულ ქმედებად მიიჩნევენ და მისი გათავისუფლების მოთხოვნით არაერთი საპროტესტო აქციაც გაიმართა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG