მოსკოვის სასამართლომ, ამერიკელი ჟურნალისტის საჩივარი არ დააკმაყოფილა

მოსკოვის საქალაქო სასამართლომ, არ დააკმაყოფილა ამერიკელი რეპორტიორის ევან გერშკოვიჩის საჩივარი, მისი წინასწარი პატიმრობის 30 ნოემბრამდე გახანგრძლივების წინააღმდეგ. გერშკოვიჩი, ჯაშუშობის ბრალდებით არის დაკავებული, რასაც თავად, მისი დამსაქმებელი "უოლ სტრიტ ჯორნალი" (WSJ) და აშშ-ის მთავრობა უარყოფს.

სასამართლომ გადაწყვეტილება 10 ოქტომბერს გამოაცხადა მას შემდეგ, რაც სააპელაციო განხილვა დახურულ კარს მიღმა გაიმართა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, სხდომა საქმეში გასაიდუმლოებული მასალების არსებობის გამო დაიხურა.

Your browser doesn’t support HTML5

„უოლ სტრიტ ჯორნალის“ ჟურნალისტის რუსეთში პატიმრობის საქმე

32 წლის ჟურნალისტის ადვოკატებმა, წინასაწრი პატიმრობის, შინაპატიმრობით შეცვლა მოითხოვეს.

მოსმენას 10 ოქტომბერს მოსკოვში აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

გერშკოვიჩი მარტის ბოლოს ურალის ქალაქ ეკატერინბურგში დააკავეს. რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა დაკავების დროს განაცხადა, რომ გერშკოვიჩის წინააღმდეგ ჯაშუშობის საქმე აღძრა სამხედრო ინდუსტრიული კომპლექსის შესახებ სახელმწიფო საიდუმლოების შეგროვების გამო.

მოსკოვში მცხოვრები აშშ-ის მოქალაქე გერშკოვიჩი, ეკატერინბურგში ჟურნალისტური საქმიანობისთვის იმყოფებოდა და მასალას ამზადებდა, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომზე, ასევე "ვაგნერის" დაჯგუფების მიმართ არსებული განწყობების შესახებ.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ასევე ნახეთ: მოსკოვი: დაკავებულ ამერიკელ ჟურნალისტთან დაკავშირებით აშშ-თან „გარკვეული კონტაქტი“ შედგა

დაპატიმრების შემდეგ, გერშკოვიჩი მოსკოვის ლეფორტოვოს ციხეში იმყოფება, რომელიც მეფის რუსეთის დროიდან მოქმედებს. საბჭოთა რეპრესიების სიმბოლოდ მიჩნეული ლეფორტოვო არის ადგილი, სადაც რუსეთს, ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ყველაზე მეტი ეჭვმიტანილი ჰყავს მოთავსებული.

ცივი ომის დასრულების შემდეგ, გერშკოვიჩი პირველი ამერიკელი ჟურნალისტია, რომელიც რუსეთში ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს.

თეთრმა სახლმა და WSJ-მა განაცხადეს, რომ გერშკოვიჩი მუშაობდა და არის სათანადოდ აკრედიტებული ჟურნალისტი რუსეთში.

გერშკოვიჩი რუსულენოვანი ემიგრანტების შვილია, რომლებმაც ცივი ომის დროს საბჭოთა კავშირი დატოვეს და შეერთებულ შტატებში გადავიდნენ საცხოვრებლად.