აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის შეტაკებებს 200-ზე მეტი სამხედრო შეეწირა

მთიან ყარაბაღში, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შეტაკებების დროს 200-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ როგორც ბაქოში ასევე ერევანში ადასტურებენ.

სომხეთის პრემიერ-მინისტრ ფაშინიანის ინფორმაციით, დაღუპულია 135 სომეხი სამხედრო, აზერბაიჯანი კი ამბობს, რომ დაღუპულია 77 სამხედრო მოსამსახურე.

დაღუპულთა და დაშავებულთა მონაცემები სწრაფად იზრდება, კვირის დასაწყისში გარდაცვლილთა რაოდენობა 100-მდე იყო. ეს ყველაზე მასშტაბური შეტაკებებია ქვეყნებს შორის მას შემდეგ, რაც 2020 წელს 6 კვირიანი ომი დასრულდა.

ასევე ნახეთ: ახალი ომის საფრთხე კავკასიაში

სომხეთიც და აზერბაიჯანიც ცეცხლის გახსნაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. ერევანი ირწმუნება, რომ აზერბაიჯანმა იერიშები კონფლიქტის ხაზს მიღმა რეგიონებში მიიტანა. ბაქო კი ამტკიცებს, რომ მათ საპასუხო რეაგირება მოახდინეს.

არსებული ინფორმაციით, ყარაბაღში მზარდი დაძაბულობის ფონზე, რეგიონში ჩავა ამერიკის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, ნენსი პელოსი. პელოსის ვიზიტი ერევანში 17-18 სექტემბერს იგეგმება.

2020 წელს 6 კვირიანი ომის შემდეგ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო შეთანხმება რუსეთის ჩართულობით გაფორმდა. თუმცა, პერიოდულად ეს შეთანხმება ირღვევა.