მოლდოვა საპრეზიდენტო არჩევნებისთვის და რეფერენდუმისთვის ემზადება, რომელიც 20 ოქტომბერს გაიმართება.
მაია სანდუ, მოლდოვის მოქმედი პრეზიდენტი რომელიც მეორე ვადით პრეზიდენტობისთვის იბრძვის, წინასწარი საზოგადოებრივი აზრის კვლევებში ლიდერობს. ამ არჩევნებში სანდუს მთავარი კონკურენტი მოლდოვის ყოფილი გენერელური პროკურორი ალექსანდრე სტოიანგოლოა.
ანალიტიკოსთა ნაწილი ამბობს, რომ რთულ არჩევნებში სანდუ გამარჯვების მოპოვებას შეძლებს, თუმცა ამისთვის შესაძლოა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის გამართვა გახდეს საჭირო, ეს კი იმ შემთხვევაში მოხდება თუ პირველ ტურში ვერცერთი კანდიდატი ვერ შეძლებს ამომრჩეველთა ხმების 50%-ზე მეტის მიღებას. მეორე ტურის საჭიროების შემთხვევაში, მოლდოვის პრეზიდენტის ვინაობა 3 ნოემბერს გახდება ცნობილი.
საპრეზიდენტო არჩევნების მიღმა აღმოჩნდა ილან შორი, მაგნატი, რომელიც რუსეთში ცხოვრობს და მოლდოვაში ორ პოლიტიკურ პარტიას ფლობდა. შორს მოლდოვაში თაღლითობისთვის პატიმრობა აქვს მისჯილი, მისი პარტიები კი მოლდოვაში არაკონსტიტუციურადაა გამოცხადებული, რის გამოც ილან შორი და მისი პარტიები არჩევნებში მონაწილეობას ვერ ღებულობენ. არჩევნებში რუსეთის სახელით სავარაუდო ჩარევის გამო შორს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სანქციებიც დაუწესა.
წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში, მოლდოვის ოფიციალურმა უწყებებმა რუსეთი მოლდოვის შიდა საქმეეებში ჩარევაში არაერთხელ დაადანაშაულა, თუმცა ბრალდებები კრემლმა ყოველ ჯერზე უარყო. მოსკოვის უარყოფის ფონზე, კიშინოვში ფიქრობენ, რომ კრემლის მთავარი მიზანია, მოსახლეობამ არ მიიღოს მონაწილეობა, ან მხარი არ დაუჭიროს რეფერენდუმში დასმულ კითხვას, რომელიც მოლდოვის კონსტიტუციაში სტრატეგიული ჩანაწერის გაკეთებას შეეხება.
20 ოქტომბერს, მოლდოველებმა უნდა გადაწყვიტონ, გაკეთდეს თუ არა სტრატეგიული ჩანაწერი კონსტიტუციაში, რომ მოლდოვა ევროკავშირის წევრი გახდება.
ასევე ნახეთ: ვანდალიზმის ფაქტები მოლდოვაში - კიშინოვი მოსკოვს ადანაშაულებსმაია სანდუს საგარეო პოლიტიკის მრჩეველი ოლგა როსკა ბრიტანულ სააგენტო „როიტერს“ ეუბნება, რომ რუსეთმა 100 მილიონ ევროზე მეტი დახარჯა მოლდოვაში, რათა რეფერენდუმზე და საარჩევნო შედეგებზე გავლენის მოხდენა შეძლოს.
„ეს არის გათვლილი ფართომასშტაბიანი ძალისხმევა, რომელიც ჩვენი მომავლის დესტაბილიზაციას ისახავს მიზნად და მოლდოვას ევროკავშირთან დაახლოების გზის ჩაშლას“,- ამბობს როსკა.
მოლდოვის პოლიციის თქმით, რუსეთმა შეძლო მოლდოვაში გავლენა მოეხდინა 130 000 ამომრჩეველზე, რომლებიც რეფერენდუმში დასმულ კითხვას არ დაეთანხმებიან და მხარს არ დაუჭერენ მაია სანდუს მეორე ვადით პრეზიდენტობას. მოლდოველი პოლიტოლოგის ვალერიუ ფაშას თქმით, ეს ამომრჩეველთა ხმების 10%-ია.
მოლდოვის პოლიციის ინფორმაციით, რუსეთის მიერ მხარდაჭერილი დანაშაულებრივი ჯგუფების სურვილია ჩაშალონ კენჭისყრა თუნდაც სახელმწიფო შენობების ხელში ჩაგდების გზით.
მოლდოველი ანალიტიკოსები თვლიან, რომ თუ საპრეზიდენტო არჩევნებში მაია სანდუ გაიმარჯვებს, მომდევნო ოთხი წელი მისთვის რთული იქნება. რადგან სანდუ და მისი პარტია, სავარაუდოდ, ანალიტიკოსების თქმით, მომდევნო წელს პარლამენტში პოზიციებს დაკარგავენ და ეს მათ გავლენას შეამცირებს.
„მე თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ამჟამინდელი მმართველი პარტია ვერ მიაღწევს ახალ უმრავლესობას რადგან, მათ აქვთ საკმაოდ მნიშვნელოვანი უარყოფითი რეიტინგი“,- ამბობს პოლიტოლოგი ვალერიუ ფაშა.