უკრაინა ამერიკისგან მორიგ სამხედრო დახმარებას ელის. "ამერიკის ხმის" ინფორმაციით, უკრაინა 375 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს მიიღებს. ეს მაისის შემდეგ, უკრაინისთვის გაცემული ყველაზე მასშტაბური სამხედრო დახმარებაა.
"ამერიკის ხმის" ჟურნალისტ, კარლა ბაბთან ანონომურობის პირობის დაცვით საუბრისას, რამდენიმე ამერიკელმა მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ კიევი დახმარებას, სავარაუდოდ ოთხშაბათს, 25 სექტემბერს მიიღებს.
ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა „ამერიკის ხმას“ უთხრა, რომ პაკეტი, სავარაუდოდ, მოიცავს F-16-ის ტიპის ავიამოიერიშის ჰაერი-მიწის საბრძოლო მასალებს, რაც უკრაინელ პილოტებს საშუალებას მისცემს ფრონტის ხაზებიდან და რუსული საჰაერო თავდაცვის საშუალებებისგან მოშორებით იმოქმედონ.
პაკეტში ასევე შედის საბრძოლო მასალა "ჰაიმარსებისთვის", საპატრულო ნავები და ჯავშანმანქანები, 155 მმ-იანი და 105 მმ საარტილერიო ჭურვები და "TOW"-ს ტიპის რაკეტები, განმარტა ოფიციალურმა წარმომადგენელმა "ამერიკის ხმასთან" საუბარში.
Your browser doesn’t support HTML5
გავრცელებული ინფორმაციით, პაკეტის საბოლოო დეტალებზე მუშაობა გრძელდება და ის შესაძლოა შეიცვალოს. ის საპრეზიდენტო განკარგულებით, მისი უფლებამოსილების ფარგლებში გაიცემა, რაც პენტაგონს საშუალებას აძლევს უკრაინას დახმარება უშუალოდ ამერიკული სამხედრო მარაგებიდან გაუგზავნოს. ეს დამატებით ნებართვებსა და დამტკიცებას არ მოითხოვს.
აპრილში, პრეზიდენტ ბაიდენის მიერ ხელმოწერილი 61 მილიარდიანი სამხედრო დახმარებიდან, რომელიც პენტაგონს უკრაინისთვის უნდა გადაეცა, უწყებას 5 მილიარდი აქვს დარჩენილი. დახმარებას, შესაძლოა, ვადა თვის ბოლოს გაუვიდეს. პენტაგონი ამბობს, რომ კონგრესთან ერთად იმუშავებს, რათა დარჩენილი დაფინანსება მომავალი ფისკალური წლის ბოლომდე გაგრძელდეს. ფისკალური წელი 1 ოქტომბერს იწყება. ოფიციალური პირები „ამერიკის ხმას“ ეუბნებიან, რომ ისინი მუშაობენ საგანგებო გეგმაზეც იმ შემთხვევისთვის, თუ კონგრესი არ დაამტკიცებს ამ დახმარების წლის ბოლომდე გახანგრძლივებას.
ასევე ნახეთ: ზელენსკი: უკრაინის "გამარჯვების გეგმა" პარტნიორების სწრაფ გადაწყვეტილებებზეა დამოკიდებულიპაკეტის შესახებ ინფორმაციის გავრცელება უკრაინის პრეზიდენტის ამერიკის პრეზიდენტთან და ვიცე-პრეზიდენტთან შეხვედრას ემთხვევა. მოქმედ პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და დემოკრატების საპრეზიდენტო კანდიდატს, ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს, ზელენსკი ხუთშაბათს, 26 სექტემბერს თეთრ სახლში უნდა შეხვდეს. ზელენსკი მათთან უკრაინის "გამარჯვების გეგმის" შესახებ საუბარსაც აპირებს. სავარაუდოდ, ის ასევე მოითხოვს ამერიკულ იარაღზე შეზღუდვების მოხსნას და მათი თავისუფლად გამოყენების უფლებას რუსეთის ტერიტორიაზე შორი რადიუსის იერიშებისთვის.
ამერიკა უკრაინას არ აძლევს საშუალებას, რომ ამერიკის მიერ მიწოდებული იარაღი რუსეთის სუვერენულ ტერიტორიაზე არსებულ სამიზნეებზე გამოყენოს. თეთრი სახლი შიშობს, რომ ამის დაშვების შემთხვევაში, შესაძლოა ამერიკასა და რუსეთს შორის პირდაპირი კონფლიქტი წარმოიშვას. უკრაინის პრეზიდენტი კი ამტკიცებს, რომ უკრაინას გამარჯვებისთვის, სწორედ შორ რადიუსზე მოქმედი იარაღი და მისი თავისუფლად გამოყენების უფლება სჭირდება.