ამერიკელი სენატორი რესპუბლიკური პარტიიდან, ლინდსი გრემი ახალი რეზოლუციის წარდგენას გეგმავს, რომელიც რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს ომის კრიმინალად გამოაცხადებს. ამის შესახებ სენატორმა „ფოქს-ნიუსთან“ საუბრის დროს განაცხადა და დაამატა, რომ ახალ რეზოლუციას სენატში მომდევნო კვირაში წარადგენს.
„მე ვარ სამხედრო პროკურორი, ადვოკატი, მოსამართლე უკვე 30 წელია. მომავალ კვირას ვაპირებ რეზოლუცია შემოგთავაზოთ იმაზე, რომ პუტინი ომის კრიმინალია,“- ამბობს სენატორი.
ასევე ნახეთ: რაზე ისაუბრა ზელენსკიმ ამერიკელ სენატორებთან?რესპუბლიკელი სენატორი „ფოქს ნიუსთან“ საუბრის დროს აცხადებს, რომ პუტინს „საკუთარი ხალხის ეშინია და რკინის ფარდის ჩამოფარებას“ ცდილობს. მისივე თქმით, პუტინმა რუსეთში „ფაქტიურად საომარი მდგომარეობა“ გამოაცხადა.
„მე ვფიქრობ, რომ რუსი აღარ იჯერებს იმას რასაც პუტინი ამბობს,“- ამბობს ამერიკელი სენატორი. ის ფიქრობს, რომ რუსი ხალხი წინ უნდა აღუდგეს საკუთარ ხელისუფლებას და რუსეთს ღირსება დაუბრუნოს.
რუსეთს ამერიკამ პარტნიორ ქვეყნებთან ერთად მკაცრი ეკონომიკური სანქციები დაუწესა, სანქციები პირადად შეეხო რუსეთის პრეზიდენტ პუტინს და საგარეო საქმეთა მინისტრ ლავროვსაც. რუსული ეკონომიკური მაჩვენებლები ბოლო 11 დღის განმავლობაში უარესდება. ეკონომისტები ამბობენ, რომ ეს პროცესი კიდევ უფრო გაღრმავდება.
ასობით დასავლურმა კომპანიამ უკვე დატოვა რუსული ბაზარი, რუსეთში საქმიანობა შეაჩერეს „ვიზამ“, „მასტერქარდმა“, "ეფლის" ანგარიშსწორების სისტემამ "ეფლ-ფეი" და ელექტრონული გადახდების მომსახურების კომპანიამ "ფეიფალი". ეროვნული ვალუტა "რუბლი" ისტორიულ ვარდნას განიცდის და ყოველდღიურად უფასურდება.
ასევე ნახეთ: „ეს სანქციები ომის გამოცხადებას ჰგავს“ - პუტინი დასავლეთის სანქციებზეპარალელურად, რუსეთმა ქვეყანაში დაბლოკა დასავლური სოციალური ქსელები და მედია ორგანიზაციები, ასევე - რუსული ოპოზიციური მედიის მაუწყებლობა. ამ ეტაპზე 10-ზე მეტ მედიასაშუალებას მუშაობის შეჩერება მოუწია.
მათ შორის, კრემლმა რუსეთში „ამერიკის ხმა“, „რადიო თავისუფლება“ „სი-ენ-ენი" და სხვა მედიასაშუალებები დახურა. დროებით დაიხურა ტელეკომპანია „დოჟდი“ და რადიოსადგური „ეხო მოსკვი“.
პუტინმა „დეზინფორმაციის“ გავრცელების გამო პატიმრობაც დააკანონა. კრემლი უარს ამბობს უკრაინაზე თავდასხმას ომი უწოდოს. მოსკოვი აცხადებს, რომ უკრაინაში „ნაციზმის წინააღმდეგ სპეცოპერაციას მართავს“.
რუსეთის ცენტრალური ბანკის თქმით, ვითარება რთულია, თუმცა გამოსავალი არსებობს და ამისთვის აქტიური მუშაობაა საჭირო. რუსეთის პრეზიდენტი პუტინი კი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე რუსეთში „საომარი მდგომარეობის გამოცხადებას არ აპირებს“.