ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბლინკენი: „ჩვენ დავიცავთ ნატოს ტერიტორიის თითოეულ სანტიმეტრს“


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ოფიციალური ვიზიტით პოლონეთში იმყოფება. პოლონელ კოლეგასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე, ენტონი ბლინკენმა კვლავ გაიმეორა პრეზიდენტ ბაიდენის განცხადება იმის შესახებ, რომ შეერთებული შტატები ნატოს ტერიტორიის „თითოეულ სანტიმეტრს“ დაიცავს. სახელმწიფო მდივანი აცხადებს, რომ აშშ-პოლონეთს შორის თავდაცვითი თანამშრომლობა, უპრეცედენტოდ მაღალ ნიშნულზეა.

„30 იანვრიდან შეერთებულმა შტატებმა გააორმაგა სამხედრო პერსონალის რაოდენობა პოლონეთში და ახლა უფრო მეტია, ვიდრე 10 ათასი, მათ შორის 82-ე საჰაერო სადესანტო დივიზიის ბრიგადა. ჩვენ მნიშვნელოვნად გავზარდეთ სამხედრო აღჭურვილობისა და შესაძლებლობების რაოდენობა და სახეობები, რომლებიც განვათავსეთ პოლონეთში. როგორც პრეზიდენტმა ბაიდენმა თქვა, ჩვენ დავიცავთ ნატოს ტერიტორიის თითოეულ სანტიმეტრს“ - განაცხადა ბლინკენმა.

გარდა ამისა, სახელმწიფო მდივანმა, რუსეთის მიერ, უკრაინაში ხელახალი შეჭრით გამოწვეულ ჰუმანიტარულ კრიზისზე ისაუბრა და განაცხადა, რომ შეერთებული შტატები, პოლონეთსა და სხვა ქვეყნებში მყოფი უკრაინელების დასახმარებლად, დამატებით 2.75 მილიარდი დოლარის გამოყოფას გეგმავს.

„მე მქონდა შესაძლებლობა მესაუბრა იმ ადამიანებს, რომლებიც ახლახან ჩამოვიდნენ უკრაინიდან. ის რომ დაუცველმა ადამიანმა იცის, რომ აქ თავშესაფარს იპოვის, ეს პოლონეთის ღირებულებების წარმოუდგენლად ძლიერი ასახვაა. უკრაინელების დასახმარებლად პოლონეთსა და სხვა ქვეყნებში, ბაიდენის ადმინისტრაციამ, ჰუმანიტარული დახმარების სახით, კონგრესისგან 2.75 მილიარდი დოლარის გამოყოფა მოითხოვა. ეს არის დამატებითი თანხა იმ 58 მილიონი დოლარის ღირებულების ჰუმანიტარულ დახმარებაზე, რომელიც გასულ კვირას გამოვაცხადეთ“ - განაცხადა ბლინკენმა.

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ „პოლონეთი არასდროს აღიარებს ტერიტორიულ ცვლილებებს, რომლებიც გამოწვეულია არაპროვოცირებული, უკანონო აგრესიით.“

XS
SM
MD
LG