ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სანგრები და ბარიკადები კიევში - უკრაინა დედაქალაქის თავდაცვისუნარიანობას ზრდის


უკრაინული არმია დედაქალაქის დაცვისთვის დამატებით ზომებს იღებს. დღეს კიევში სანგრები მომზადდა. ამას გარდა, რკინის კონსტრუქციებითა და ქვიშის ტომრებით აიგო ბარიერები, ჩაიხერგა დამატებით ახალი ქუჩები და გადაიკეტა ხიდებიც. დაწყებულია სამოქალაქო პირების მობილიზებაც. პარალელურ რეჟიმში, უკრაინული არმია დივერსანტების მოგერიებას აგრძელებს და დედაქალაქში ყველა ავტომობილი საგულდაგულოდ მოწმდება.

კიევი დღის განმავლობაში ათასობით უკრაინელმა დატოვა, მათი ევაკუაცია კიევიდან ლვოვის მიართულებით ხდება. დედაქალაქს, სადაც 3.4 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, დღითიდღე სულ უფრო მეტი ადამიანი ტოვებს. კიეველთა დიდი ნაწილი ღამეებს კვლავ მეტროსადგურებში ათევს, სადაც ისინი რუსულ საჰაერო იერიშებს ემალებიან. მეტროპოლიტენში ჩამსვლელებს საბუთებს ქალაქის პოლიცია უმოწმებს.

კიევის ოლქში რუსეთი საჰაერო იერიშებს აგრძელებს. რუსული არმია დღეს რამდენიმე დასახლებულ პუნქტს დაესხა თავს. დიდი რუსული სამხედრო ტექნიკა და ძალაა მობილიზებული კიევის მისადგომებთან, რომელთა დიდი ნაწილი ადგილიდან არ იძვრის, სამხედრო შენაერთების ნაწილი კი დედაქალაქისკენ გადაადგილდება.

ხელახალი შეჭრიდან 11-ე დღეს რუსულ არმიას ალყაში ჰყავს მოქცეული რამდენიმე დიდი უკრაინული ქალაქი, მათ შორის - მარიუპოლი და ხარკოვი. ამ ქალაქებზე გასული 24 საათის განმავლობაში რუსეთმა სარაკეტო და საარტილერიო იერიშები მიიტანა. დაღუპულთა და დაშავებულთა რაოდენობა ამ დროისთვის უცნობია.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG