სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ გამონაკლისის სახით, რუსეთიდან აშშ-ში ჩარტერული ფრენა დაუშვა. ჩარტერული რეისით, გაძევებული რუსი დიპლომატები შეერთებულ შტატებს დატოვებენ.
”ეს განსაკუთრებული გამონაკლისი გაკეთდა ფედერალური რეგულაციების შესაბამისად, რათა უზრუნველყოფილიყო რუსეთის მისიის პერსონალისა და მათი ოჯახების მიერ [ქვეყნის] დატოვება იმ თარიღისთვის, რაც ჩვენ განვუსაზღვრეთ” - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, ნედ პრაისმა.
სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, გაეროში რუსული მისიის წარმომადგენლები, პრივილიეგიების ბოროტად გამოყენების გამო გააძევეს.
5 მარტის დილის საათებში რუსეთის დიპლომატიური თვითმფრინავი, "ილ-96" საბორტო ნომრით RSD88, აფრინდა სანქტ-პეტერბურგიდან და გაემართა ვაშინგტონისკენ. ამას მოწმობს საჰაერო ხომალდების მეთვალყურეობის საიტის, Flight Radar-ის მონაცემები. რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის თანახმად, ხომალდი წინა დღით, 4 მარტს ჩაფრინდა მოსკოვიდან სანქტ-პეტერბურგში.
ამავე ცნობით, ეს სამთავრობო თვითმფრინავი გაფრინდა რუსეთიდან ბელარუსში, როცა რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენლებს შორის პირველი ორი მოლაპარაკება გაიმართა.