ლატვიის პარლამენტმა, უკრაინაში მიმდინარე ომის გამო, რუსეთი "ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ" გამოაცხადა და დასავლელ პარტნიორებს მოუწოდა მოსკოვს უფრო მკაცრი და მრავლისმომცველი სანქციები დაუწესოს.
"ლატვია, რუსეთის ქმედებებს უკრაინაში აღიარებს, როგორც უკრაინელი ხალხის მიზანმიმართულ გენოციდს",- ამბობენ ლატვიელი კანონმდებლები.
ლატვიაში ფიქრობენ, რომ დასავლეთმა უნდა გაზარდოს უკრაინის მხარდაჭერა სამხედრო, ფინანსური, ჰუმანიტარული და დიპლომატიური მიმართულებებით.
ასევე ნახეთ: ამერიკა უკრაინას დანაღმული ტერიტორიების გაწმენდისთვის 89 მილიონ დოლარს აძლევსუკრაინაში რუსეთის მიერ წამოწყებული ომის გამო, ათასობით უკრაინელი იძულებული გახდა სახლი დაეტოვებინა, მოკლულია ათასობით სამოქალაქო პირი. უკრაინა რუსეთის მიერ ჩადენილ ომის დანაშაულებებს იძიებს, თუმცა მოსკოვი აცხადებს, რომ მისი ჯარისკაცები სამხედრო დანაშაულებებს არ ჩადიან. კრემლი უარყოფს იმასაც, რომ ისინი გამიზნულად ესვრიან და კლავენ სამოქალაქო პირებს.
ლატვიის პარლამენტის გადაწყვეტილებაზე კომენტარი გააკეთა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ. მისი თქმით, ის მადლობელია ლატვიის პარლამენტის და "უკრაინა მოუწოდებს სხვა სახელმწიფოებს და ორგანიზაციებს, რომ მიბაძონ ამას".